Freedom House-ის 2017 წლის ანგარიშში, რომელიც მსოფლიოში ინტერნეტისა და ონლაინმედიის თავისუფლების მდგომარეობას ასახავს, საქართველოს შესახებ ნაწილში ქართველი რეპერების “Birja Mafia”-ს საქმეც მოხვდა.
ანგარიშის თანახმად, ზოგადი შეფასებით საქართველოში მოქალაქეებს ინტერნეტში თავიანთი მოსაზრების გამოხატვა თავისუფლად შეუძლიათ.
“პერიოდულად საგამოძიებო უწყებები ინტერნეტში მუქარის შემცველ განცხადებებს იძიებენ. თუმცა სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი ამბობს, რომ ძალოვანი უწყების რეაგირება ასეთ საკითხებზე ზოგჯერ არაპროპორციულია. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია 2017 წლის ივნისში ჯგუფ Birja Mafia-ს წევრების დაკავება, რომლებიც Youtube-ზე ატვირთული ვიდეოს შემდეგ მოხდა. ბრალდებულებმა და მათმა მხარდამჭერებმა განაცხადეს, რომ ბრალდებები მოგონილი, ხოლო მათთვის აღმოჩენილი ნარკოტიკები პოლიციელებმა შურისძიების მიზნით ჩაუდეს – ვიდეოში პოლიციელი ძაღლის სახით არის წარმოდგენილი.
თბილისში გამართული მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციების შემდეგ, ორივე ბრალდებული 12 ივნისს წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ამასთან, Youtube-დან ჯგუფის ვიდეო დროებით გაქრა, თუმცა მოგვიანებით ისევ დაიდო, მაგრამ ამ ვიდეოში პოლიციელს სახე უკვე დაფარული აქვს”, – წერია ანგარიშში.
ანგარიშში ასევე მოხვდა 2016 წელს forum.ge-ს მომხმარებლის სულხან წულაძის საქმე, რომელმაც ფორუმზე აშშ-ის ელჩზე თავდასხმის გამოგონილი ისტორია დააანონსა. წულაძე ერთი თვის განმავლობაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა და სასამართლოს განაჩენს დღემდე ელის”, – წერია ანგარიშში.
საბოლოოდ, Freedom House-ი საქართველოში ონლაინმედიას “ნაწილობრივ თავისუფლად” აფასებს.
ანგარიშში ასევე წერია ე.წ “ტროლების ქარხნის” შესახებაც, რომელიც ორგანიზაციის ცნობით, 30 ქვეყანაში მუშაობს და რომლებიც სოციალურ ქსელებში კომენტარებს სახელმწიფო სტრუქტურების მითითებით ტოვებენ.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფ Birja Mafia-ს წევრებს გიორგი ქებურიას და მიშა მგალობლიშვილს ბრალად ედებათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობით ისჯება. ისინი 9 ივნისს დაკავეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მაშინ რეპერებმა განაცხადეს, რომ მათ ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდეს, რაზეც გამოძიება დაიწყო. მათი გათავისუფლების მოთხოვნით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა. სასამართლოზე რეპერები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს როგორც მუსიკოსებმა, მათ შორის ბერამ, ასევე პოლიტიკოსებმა: კახა კალაძემ და ა.შ.