„სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც მეყოლება ჩვენს ქვეყანაში, იმ ადამიანისთვის გამოვცხადდები ნაკრებში!” – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა და კლუბ ვიტესის კაპიტანმა, გურამ კაშიამ სოციალურ ქსელში დაწერა. მან მადლობა გორსა და ქუთაისში მისულ მაყურებელს გადაუხადა, სადაც მატჩები გაიმართა.
„მადლობა გორში და ქუთაისში მოსულ მაყურებელს! დიდი მადლობა ვინც ამ ორი თამაშის განმავლობაში მხარი დაუჭირა ჩვენს ნაკრებს! მე, სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც მეყოლება ჩვენს ქვეყანაში, იმ ადამიანისთვის გამოვცხადდები ნაკრებში! შევხვდებით 2018-ში” – წერს კაშია.
შეგახსენებთ, გუშინ ქუთაისში „ქართული მარშის“ წევრები „ტორპედოს“ სტადიონზე შეიჭრნენ, სადაც საფეხბირთო მატჩი გურამ კაშიას მონაწილეობით მიმდინარეობდა. მანამდე კი ისინი სტადიონის გარეთ პიროტექნიკას აფეთქებდნენ. ადგილზე სპეცრაზმი იყო მობილიზებული.
აგრესია კაშიას მიმართ იმან გამოიწვია, რომ ის ჰოლანდიაში ერთ-ერთ მატჩზე, როგორც გუნდის კაპიტანი, LGBT თემის მხარდამჭერი სამკლაურით წარდგა. ამ სამკლაურის გამო ის ფეხბურთის არაერთმა გულშემატკივარმა გააკრიტიკა.
ფეხბურთელმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ის ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგია და არ ნანობს, რომ აღნიშნული სამკლაურით წარდგა გულშემატკივრების წინაშე.