ანალიტიკოსი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი „მეტრონომთან“ აცხადებს, რომ პრემიერის მიერ დღეს განხორციელებული სამთავრობო ცვლილებები მისასალმებელია. რაც შეეხება ახალ ეკონომიკურ გუნდს და ლართან დაკავშირებულ მოლოდინებს, ხუხაშვილი ამბობს, რომ ეროვნული ვალუტის სტაბილურობა და კურსის ცვლილება ერთ კონკრეტულ პიროვნებებზე დამოკიდებული არ არის.
მისი თქმით, ლარის სტაბილურობის პრობლემა ეკონომიკის განვითარებასთან და გრძელვადიან პროცესებთან არის დაკავშირებული. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ამ საკადრო გადაადგილებით, სწრაფ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.
„ფინანსთა ახალი მინისტრის კანდიდატურას მივესალმები, ის კერძო ბიზნესში საკამოდ გამოცდილი კადრია. მისი უდავო პლუსი ის გახლავთ, რომ ის არ წარმოადგენს არცერთი სახელისუფლო გუნდის წევრს. ის სხვადასხვა ვალდებულებებით დატვირთული არ არის და ეს მის საქმიანობაზე უდავოდ დადებითად აისახება. ის ფინანსური ნაკადების მართვას და წესრიგის დამყარებას დარწმუნებული ვარ შეძლებს. ამ დანიშვნას აბსოლუტურად დადებითად მივესალმები.
რაც შეეხება ქუმსიშვილს, მას ეკონომიკის მიმართულებით საკმოდ კარგი გამოცდიელბა აქვს. წინასწარ არც ზედმეტად ოპტიმისტი და არც პესიმისტი არ ვიქნები. ვნახოთ, ყველაფერს დრო გვიჩვენებს.
იგივეს ვიტყვი შინაგან საქმეთა მინისტრთან დაკავშირებით. გიორგი გვახარია მართალია სისტემაში ჩახედული ადამიანი არ არის, თუმცა, პირიქით, ეს დადებით ფაქტად მიმაჩნია. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ზოგადად „ქართულ ოცნებას“ მოკლე საკადრო სკამი აქვს. ამიტომ იდიალური არავინ არ არის.
თუ გადავხედავთ ამ საკადრო სკამს, გახარია ყველაზე კარგი კანდიდატია. ძალოვან სისტემაში ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა. სისტემის შიგნით მყოფი ადამიანის მხრიდან ამ პრობლემების დალაგება ძალიან რთულია. ის სისტემის მძევალია. მითუმეტეს მღებრიშვილი მგონია, რომ რბილი ადამიანია და მას აგრესიული ქმედებები არ შეუძლია. ამიტომ თუ გინდა, რომ ეს სისტემა გაწმინდო მის ხელმძღვანელად ადამიანი გარედან უნდა მიიყვანო“, – ამბობს ხუხაშვილი „მეტრონომთან“.
მისივე თქმით, გვახარიას სისტემის მიმართ არანაირი ვალდებულებები არ გააჩნია და აგრესიული რეფორმის ჩატარება შეუძლია. ხუხაშვილის განცხადებით, მან ამ ცვლილებებით, სახელისუფლო გუნდში რაღაც კონკრეტული ძალის ფორმირება ვერ დაინახა. მისი თქმით, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი და ფინანსთა მინისტრი არცერთი ინტერესჯგუფის წარმომადგენელი არ არის, ისინი დამოუკიდებელი ფიგურები არიან, შესაბამისად, ამით ყველა ინტერესჯგუფი დასუსტდა, რადგანაც ისინი არცერთ მათგანს არ მიეკუთვნებიან. ანალიტიკოსის აზრით, ეს კარგია, რადგანაც ქვეყანაში ვიწრო პოლიტიკური ინტერესების მქონე ჯგუფები არ უნდა იყვნენ და ყველამ ქვეყნისთვის სასარგებლო საქმე უნდა აკეთოს.