აქტუალური თემა ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

გადადგა – არ გადადგა: „ჯგუფი, რომელიც იუსტიციის საბჭოში, ძალაუფლებისთვის იბრძვის“

„მეტრონომის“ ექსკლუზიური ინტერვიუ იუსტიციის საბჭოს წევრ ნაზი ჯანეზაშვილთან

რა ხდება იუსტიციის საბჭოში, რატომ უპირისპირდებიან უზენაესი სასამართლოს თავმდჯდომარე ნინო გვენეტაძეს და რატომ გავრცელდა გუშინ ორი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია გვენეტაძის გადადგომის შესახებ. ამ საკითხებზე „მეტრონომს“ იუსტიციის საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ესაუბრა.

ჯანეზაშვილის განცხადებით, იუსტიცის საბჭოში გარკვეული ჯგუფი არსებობს, რომელიც ძალაუფლების ფორმირებას ცდილობს. მისთვის უცნობია, არის თუ არა ეს ჯგუფი ვინმესგან მართული, თუმცა აცხადებს, რომ ისინი დამოუკიდებლად და ინდივიდუალურად არ მოქმედებენ.

საბჭოს წევრი ამბობს, რომ ისინი გვენეტაძეს ყველა უმნიშვნელო საკითხის გადაწყვეტისას უპირისპირდებიან და მას უფლებამოსილების შესრულებაში ხელს უშლიან. ჯანეზაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას გვენეტაძის გადადგომის შესახებ სწორედ ამ გუნდს უკავშირებს და ამბობს, რომ თავმჯდომარეს გუშინ სხდომაზე მსგავსი არაფერი განუცხადებია.

„მეტრონომი“: გუშინ მედიაში იუსტიციის საბჭოს დახურული სხდომის შემდეგ, გავრცელდა ორი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია, რომ ნინო გვენეტაძე გადადგა და მან 34 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას ხელი არ მოაწერა. რა მოხდა სინამდვილეში და რატომ გავრცელდა ეს ინფორმაცია?

ნაზი ჯანეზაშვილი: გუშინ იყო დახურული შეხვედრა, რომლის შემდეგაც უზენაესი სასამართლოს პრესამსახურმა განცხადებაც გაავრცელა. ორგანული კანონის თანახმად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ხელს აწერს გადაწყვეტილებას, რაც მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას ეხება.

თუმცა, კონკრეტული ვადები არ არის დადგენილი და გვენეტაძეს საშუალება ჰქონდა ხელი როცა უნდოდა მაშინ მოეწერა. ანუ, ის ვადებში შეზღუდული არ არის. გუშინ, ამ გადაწყვეტილებას უკვე ხელი მოაწერა. მან მიმართა საბჭოს წევრებს და განაცხადა კიდევაც, რომ „ძალადობის მსხვერპლია“. საბჭოში არის სერიოზული გამოწვევები და ყველა წევრს მოვუწოდებ, რომ უფრო მეტი კოლეგიალობა გამოიჩინონ.

ყველას თანაბარი უფლებები და მოვალეობები აქვს. რეალურად საბჭოში სწორედ ეს პრობლემაა, რომ მისი წევრები არ მოქმედებენ კოლეგიალურად და შეთანხმებულად. ხშირად არის, რომ უფრო სერიოზულ საქმეზე რესურსებს არავინ ხარჯავს, ხოლო რაღაც უმნიშვნელო თემებზე კი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ლამის საბოტაჟს უწყობენ.

რაც შეეხება გუშინ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გვენეტაძე გადადგა, სიმართლეს არ შეესაბამება. არ ვიცი, გუშინ დახურულ სხდომას მეც ვესწრებოდი და მას ამის არაფერი ეტყობოდა, რომ გადადგომას აპირებდა. არც ის ყოფილა, რომ თითქოს ჯერ ხელის მოწერა არ სურდა მოსამართლეების უვადო დანიშვნაზე და შემდეგ მოაწერა. არ ვიცი ვის რაში სჭირდება მსგავსი ინფორმაციის გავრცელება.

ბოლო დღეების განმავლობაში, უვადოდ დანიშნული მოსამართლეების ლეგიტიმაციის შესახებ გარკვეული კითხვები ჩნდებოდა. ბუნებრივია ისინი არჩეული მოსამართლეები არიან და არავის აქვს უფლება მათ ლეგიტიმაციაზე კითხვები დასვას.

– საბჭოს წევრების ნაწილი საუბრობდა იმაზე, რომ ნინო გვენეტაძე 34 მოსამართლის უვადოდ დანიშვნის შესახებ დოკუმენტს ხელს მიზანმიმართულად არ აწერდა და დროში წელავდა. რატომ გაჟღერდა მისი მისამართით ასეთი ბრალდებები?

– არ ვიცი ეს ადამიანები რას გულისხმობენ. ქალბატონმა ნინომ გუშინაც ახსნა, რატომ არ სურდა მას ჯერ ხელის მოწერა. მისი არგუმენტი ასეთია, რომ 4 მოსამართლეს, რომელსაც უვადოდ დანიშვნაზე უარი ეთქვათ, მათ იუსტიციის საბჭოს ხელახლა განცხადებით უნდა მიმართონ. სწორედ ეს იყო რეალური მიზეზი, რის გამოც გვენეტაძე გარკვეული პერიოდის მანძილზე ხელის მოწერაზე თავს იკავებდა.

ეს მოსამართლეები არიან, რომლებსაც გამოცდილება არა აქვთ და კანონით 3 წელი გამოსაცდელ ვადაში იმყოფებიან. კანონში განსაზღვრული არ არის, როდესაც უვადო დანიშვნაზე მოსამართლეს უარს ეტყვიან, ამ შემთხვევაში საბჭომ რა უნდა ქნას.  გუშინდელ დახურულ სხდომაზე სწორედ ამაზე იყო მსჯელობა.

– თქვენც ახსენეთ ზემოთ და გვენეტაძემაც ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ საბჭოს წევრები მასზე „ზეწოლას ახორციელებენ“. რა სახის ზეწოლაზე საუბრობს ის და ხომ არ მოხდა გუშინ სხდომაზე სწორედ ის ზეწოლა და საბჭოს წევრებმა მას 34 მოსამართლის უვადო დანიშვნაზე ხელი იძულებით ხომ არ მოაწერინეს?

– არ ვიცი, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა გუშინ, სხდომაზე მსგავსი რამ არ შემიმჩნევია. ის რაც ღიაა და საზოგადოებამაც იცის, ისაა რომ სხდომაზე საბჭოს წევრები როგორც იქცევიან და მუშაობენ მიუღებელია.

– რა ფორმატს გულისხმობთ, რა ხდება საბჭოს სდომებზე?

– სხდომაზე საბჭოს წევრების გარკვეული ნაწილი ჩვეულებრივ კამპანიას აწარმოებენ. ისინი ნინო გვენეტაძეს არ აძლევენ საშუალებას, რომ სხდომაზე სხვა საკითხზე გადავიდეს. საშუალების არ მიცემაში ის გამოიხატება, რომ ისინი საკმაოდ აგრესიულები არიან და გვენეტაძის მიმართ უხეში დამოკიდებულებით გამოირჩევიან.

შეიძლება ორივე მხარეს თავისი არგუმენტები აქვს, მაგრამ ის ფორმები რა დამოკიდებულებითაც საბჭოს წევრები გვენეტაძის მიმართ გამოირჩევიან მიუღებელია.

– გვენეტაძის მიმართ ასეთი დამოკიდებულების მიზეზი რა არის? ეს არის ერთჯერადი შემთხვევა თუ ამას მუდმივი ხასიათი აქვს?

– ამასთან დაკავშირებით გვენეტაძეს ჩემთან არ უსაუბრია და კონკრეტულად ვერ გეტყვით რა არის ამის მიზეზი. ალბათ ეს არის სისტემაში გარკვეული ძალაუფლების მოპოვების სურვილი. ჯგუფი, რომელიც საბჭოში დომინანტია და უმრავლესობა აქვთ, ცდილობენ, რომ ამ ძალაუფლების ფორმირება მოახდინონ.

– ვინ და რა ძალები დგას ამ ჯგუფის უკან შეგიძლიათ გვითხრათ? იყო საუბარი, რომ ესენი მურუსიძე-ჩინჩალაძის ე.წ. დაჯგუფებაა…

– კონკრეტულად ვერ გეტყვით, არ მინდა ვარაუდების დონეზე ვისაუბრო. ის მდგომარეობა რაც საბჭოშია, რა თქმა უნდა, რომ ასეთ ეჭვებს გვიჩენს. არსებობს გამოკვეთილი ჯგუფი, რომელიც მიზანმიმართულად და შეთანხმებულად მოქმედებს. მარტივ საკითხებზეც კი ერთნაირი რეაქცია აქვთ.

ამიტომ ჩნდება ეჭვი, რომ ისინი ინდივიდუალურად კი არ მოქმედებენ, არამედ როგორც ჯგუფი. ეს არის ძალების გადანაწილების პროცესი. მოსამართლეებისთვის გარანტიებიც კი შეიქმნა, რომ ისინი უვადოდ იქნებიან დანიშნულები და ჩემი აზრით, სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ახალი კონკრეტული ძალები ცდილობენ, რომ ძალაუფლების მოხვეჭა შეძლონ.

– გამორიცხავთ, რომ ეს ადამიანები ხელისუფლებასთან კონტაქტში არიან?

– ხელისუფლების ინტერესებს ვერ ვხედავ, კანონმა მისცა ყველა მოსამართლეს, რომ დამოუკიდებელი იყოს. დანარჩენი საბჭოს წევრების გადასაწყვეტია.

ცნობისთვის, გუშინ, რამდენიმესაათიანი თათბირი უზენაეს სასამართლოში ნინო გვენეტაძის წერილობითი განცხადებით დასრულდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაპირისპირებული წევრები თავმჯდომარესთან შეიკრიბნენ. კონფლიქტის მიზეზი კი, 34 მოსამართლის უვადოდ დანიშვნის ის დოკუმენტი იყო, რომელსაც ნინო გვენეტაძე ხელს არ აწერდა.

შეხვედრა საბჭოს მოსამართლე წევრებმა, რომლებმაც გვენეტაძეს ამის გამო მწვავე ბრალდებები წაუყენეს, კომენტარის გარეშე დატოვეს. შეხვედრის დეტალებზე საუბარი არც არა მოსამართლე წევრებმა ისურვეს.

შეხვედრის შემდეგ გავრცელებული განცხადებიდან კი ირკვევა მხოლოდ ის, რომ ნინო გვენეტაძემ თითქმის 3-კვირიანი ფიქრის შემდეგ, 34 მოსამართლის უვადოდ გამწესების დოკუმენტს ხელი მოაწერა. მთავარ კითხვას, თუ რა გახდა რამდენიმეკვირიანი ფიქრის მიზეზი, რის გამოც მას კოლეგებთან მწვავე დაპირისპირებაც მოუვიდა, უპასუხოდ ტოვებს.

ახსნა-განმარტებას ნინო გვენეტაძისგან ელოდებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მესამე სექტორში თვლიან, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ვალდებულია, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას ეხება, საზოგადოებას არ დაუმალოს.

სხდომა, რის გამოც ნინო გვენეტაძე კოლეგებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უპატივცემულობას და უფლებამოსილების შეუსრულებლობაში ღიად დაადანაშაულეს, ორშაბათს გაიმართა. საბჭოს თავმჯდომარემ კი მწვავე განცხადებებისა და ბრალდებების გამო კოლეგებს ბრალი ძალადობასა და შანტაჟში დადო.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც ამ სხდომას ესწრებოდნენ თვლიან, რომ საბჭოში პრობლემა უფრო ფართოა და ამ ერთ კონკრეტულ საკითხზე შეუთანხმებლობა ერთ-ერთი მაგალითია.

საბჭოს დაპირისპირებულ წევრებთან გამართული შეხვედრის დასრულებამდე, ვრცელდებოდა ინფორმაცია თავად გვენეტაძის გადადგომის შესახებ, რომელიც არ დადასტურდა.

ავტორი: ელზა პაპოშვილი

 

 

იტვირთბა....