ევროპის მოედანზე (დარეჯანის სასახლესთან) ბერლინის კედლის ფრაგმენტი დაიდგა. ცერემონიას პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს ელჩი გერმანიაში ლადო ჭანტურია, გერმანიის ელჩი საქართველოში და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
“გერმანელი ხალხის საჩუქარი ქართველ ხალხს ჩამოუვიდა საქართველოში იმის ნიშნად, რომ როგორც დასრულდა უდიდესი უსამართლობა გერმანელი ხალხის მიმართ და დაინგრა კედელი, რომელიც გერმანელ ხალხს ხელოვნურად ჰყოფდა ორად, ასევე საქართველოში ბოროტების მიერ აღმართული კედელი დაინგრევა,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის მოედანზე ბერლინის კედლის ფრაგმენტის დადგმის ცერემონიაზე განაცხადა.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ აი, ამ ულამაზეს უბანში გვაქვს პატივი, გავხსნათ ეს უმშვენიერესი ადგილი, რომელიც შეგვახსენებს, რომ ყველა ბოროტების კედელი ადრე თუ გვიან დაინგრევა. მიხარია, რომ დღეს ახლად არჩეული მერი მერი გვესწრება ჩვენ აქ და მართლაც. ღირსშესანიშნავი დღეა. 2017 წელი გერმანია-საქართველოს წელია და გერმანელი ხალხის საჩუქარი ქართველ ხალხს ჩამოუვიდა საქართველოში იმის ნიშნად, რომ როგორც დასრულდა უდიდესი უსამართლობა გერმანელი ხალხის მიმართ და დაინგრა კედელი, რომელიც გერმანელ ხალხს ხელოვნურად ჰყოფდა ორად, ასევე საქართველოში ბოროტების მიერ აღმართული კედელი დაინგრევა და დაინგრევა ასევე მშვიდობიანად, ვინაიდან ყოველთვის, როდესაც ცივილიზებული სამყარო ერთად დგება, მიზანმიმართული, სწორი ნაბიჯებით და გაბედული პოლიტიკით შესაძლებელია ასეთი შედეგის მიღწევა“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერმა გერმანელ ხალხსა და მთავრობას სიმბოლური საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა.
„მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენ ვდღესასწაულობთ გერმანია-საქართველოს წელს, ასევე მომავალ წელს გვაქვს პირველი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავი და ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს 100 წლის წინ გერმანიის როლი ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენებში. გერმანელი ხალხისადმი საქართველო გამოხატავს მადლიერებას 2018 წლის 26 მაისს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერმა შენიშნა, რომ ფოტოგამოფენაზე, რომელიც ბერლინის კედლის დანგრევის დღესთან დაკავშირებით მოეწყო, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ყოფილი საბჭოთა კავშირის იმდროინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, ედუარდ შევარდნაძის ფოტო არ აღმოჩნდა.
„მე ძალიან მაკვირვებს, რომ ედუარდ შევარდნაძის სურათი ვერ მოხვდა ამ გამოფენაში, ვინაიდან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მაშინდელი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის როლი ამ მსოფლიო მოვლენაში იყო მნიშვნელოვანი. ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რადგან ისტორია არის ისტორია. საქართველო-გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები ღრმავდება. მომავალ წელს ფრანკფურტის წიგნის გამოფენაზე საქართველო არის საპატიო სტუმარი და ჩვენ დღევანდელი დღით კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ ამ ორ ერს შორის ძმობის მნიშვნელობას“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბერლინის კედლის ფრაგმენტი როგორც ქართულ-გერმანული მეგობრობის სიმბოლო, საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს 2017 წლის 16 ივნისს, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტისას, საჩუქრად გადაეცა.