ლატვიის საზღვარს ორი რუსული სამხედრო ხომალდი და წყალქვეშა ნავი მიუახლოვდა. ამის შესახებ ქვეყნის შეიარაღებული ძალების პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.
ლატვიელმა სამხედროებმა რუსეთის საზღვაო გემებისა და წყალქვეშა ნავების იდენტიფიცირება მოახდინეს. საზღვრის დარღვევის ფაქტი არ გამოვლენილა.
“9 ნოემბერს, ლატვიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში რუსეთის სამხედრო შეიარაღებული ძალების გემი „კაშტანი“, „პარხიმ II“ კლასის გემი და „კილო“-ს კლასის წყალქვეშა ნავი დააფიქსირეს”, – ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში ლატვიაში NATO-ს ორკვირიანი სწავლება ჩატარდა. ლატვიის შეიარაღებულ ძალებთან ერთად, სწავლებაში 11 მოკავშირე ქვეყანა მონაწილეობდა, მათ შორის ალბანეთი, აშშ, ესტონეთი, იტალია, კანადა, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, სლოვენია, ესპანეთი და გერმანია. სულ 3,500 ადამიანი.