ზურაბ ადეიშვილის და დავით ჭაკუას საქმეზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი ბორის ფარულავა იგივე “ბასტი”დაკითხეს.
“ვხედავდი ცუდი მოპყრობის ფაქტებს. ვიფიქრე, კარგი იქნებოდა რაღაცის შეცვლა. ვიღებდი რამდენიმე პირის დახმარებით, რომლებიც ამ მოპყრობას აპროტესტებდნენ. ფარული მოწყობილობა მომაწოდა გიორგი ლომიამ. სისტემა რომ შეცვლილიყო, გავერთიანდით ვლადიმერ ბედუკაძე, დათა აკობია, ლომია და მე. ასახულია პატიმრების მასობრივი ცემა, აგენტობის იძულება. ვიღებდი ღილით და კალმით. არ გვქონია შეხება ოპოზიციურ პარტიებთან, არც ანაზღაურება მიგვიღია”, – განაცხადა მოწმემ.
ბრალდება იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ თავმჯდომარე დავით ჭაკუას უფლებამოსილების გადამეტებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციას, პატიმრების წამებას და ძალადობას ედავება.