საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ცხრა ქვეყნის პრეზიდენტს ეპატიჟება.
ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, ესტონეთის, ლიტვის, ლატვიის, პოლონეთის, ფინეთის, უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ბელარუსის პრეზიდენტები 2018 წლის 26 მაისის ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას.
გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც პოლონეთში ვიზიტით იმყოფება, ამ ქვეყნის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა საქართველოში უკვე დაპატიჟა.
“ამ ქვეყნებმა დამოუკიდებლობა 1918 წელს აღადგინეს და მმართველობის ევროპული ფორმა – რესპუბლიკა აირჩიეს. გვინდა, ერთად აღვნიშნოთ ეს დღე. საქართველოს პრეზიდენტმა დღეს პოლონელი კოლეგა დაპატიჟა”, – განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა, დავით რაქვიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთს 7 ნოემბერს ეწვია.