ახალი ამბები მთავარი სამართალი

კორუფცია საკრებულოს დეპუტატების ბიუროებში: რა ინფორმაცია მიაწოდა ხაბეიშვილმა გამოძიებას

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან ხაბეიშვილის დაკითხვა ანტიკორუფციულ სამსახურში დასრულდა. ხაბეიშვილი ორი საათის განმავლობაში მოდულის შენობაში იკითხებოდა.  „მეტრონომთან“ ხაბეიშვილმა კონკრეტულად იმ საქმის შესახებ ისაუბრა, რის გამოც უწყება დაინტერესდა. მისი თქმით, ანტიკორუფციული  სამსახური საკრებულოს 3 მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროების საქმიანობით ინტერესდება.

მათგან ერთი “ქართული ოცნების” ყველაზე აქტიური სახე, ია მაკასარაშვილია ხოლო ორი, გიორგი მუსხელიშვილი და ლევან დარახველიძე, საკრებულოს მოქმედი წევრები არიან. ხაბეიშვილის განცხადებით, მასალები კონკრეტული კანონდარღვევების შესახებ, საგამოძიებო სამსახურს გადასცა, სადაც აშკარა კორუფციის ნიშნები იკვეთება.

მისი თქმით, მან გამოძიებას დეპუტატების მიერ საკუთარი ოჯახის წევრებისა და ნათესავების დასაქმების შესახებ დოკუმენტები წარუდგინა.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებში არსებული კორუფციის შესახებ ფაქტები იმდენად მყარია, რომ შეუძლებელი იყო არ დაწყებულიყო გამოძიება. მართალია ის არ არის დარწმუნებული, რომ ფაქტებზე ობიექტური გამოძიება იქნება, თუმცა მან ვალი მოიხადა და სამართალდამცავების ყველა კონკრეტულ კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა. ენმ-ს წევრი ამბობს, რომ ყველა დასახელებული პირის მიმართ საგამოძიებო უწყებამ სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს, რადგანაც დანაშაულის ნიშნები ღია და ცხადია.

„აგვისტოს ბოლოს გავაკეთე განცხადება, რომ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებში კორუფცია არსებობდა. მათ შორის  ერთ-ერთი ასეთი მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ მეფარიძე იყო, რომელიც კორუფციისთვის დააკავეს. ეს რომ არ იყო ერთადერთი შემთხვევა, მივედი ბიუროებში და გადავამოწმე კონკრეტული ფაქტები.

სწორედ მაშინ აღმოვაჩინე, რომ ვარკეთილის მაჟორიტარი დეპუტატის ია მაკასარაშვილის ბიუროში, დეპუტატობის პირობებში გაფორმებული ჰყავდა მეუღლე და შვილი საკრებულოში, ასევე ირკვევა, რომ მის ბიუროში მუშაობდა ცოლ-ქმარი, რომლის ცოლსაც მერე მოუწია ქმრის უარყოფა და ა.შ. ასევე ირკვევა, რომ ლევან დარახველიძის ბიუროში ოთხი თანამშრომლიდან ორი ერთმანეთს არ იცნობს ანუ არ დადიან ისინი სამსახურში, ასევე გამოირკვა, რომ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი მუსხელიშვილის ბიურო რიგ შემთხვევაში დახურულია და კაბინეტის კარებზე ტელეფონის ნომერია მითითებული, რომ საქმის შემთხვევაში პირად ნომერზე დაურეკონ. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ სინამდვილეში დეპუტატებს, ადამიანები ტყუილად ჰყავდათ სამსახურებში გაფორმებული და სახელმწიფოს მიერ ჩარიცხულ თანხებს ჯიბეში თავად იდებდნენ.  ეს კონკრეტული ფაქტები იძლევა იმის საფუძველს, რომ ამ კონკრეტული ადამიანების მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა,“-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, სამწუხარო ფაქტი ისაა, რომ ლევან დარახველიძე და გიორგი მუსხელიშვილი ახლანდელი საკრებულოს წევრებიც იქნებიან, რადგანაც ისინი „ქართული ოცნების“ სიით შესული დეპუტატები არიან. ხაბეიშვილის განცხადებით, ეს ერთჯერადი შემთხვევები არ არის და ასეთ კორუფციულ შემთხვევებს მასობრივი სახე აქვს. ხაბეიშვილი ამბობს, რომ ასეთი ბიუჯეტის წრუბელები მმართველ გუნდში მრავლად არიან.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების შესახებ კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ ბრალდების ადრესატები. ისინი მედიასთან კონტაქტზე არ გამოდიან და სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

იტვირთბა....