კოლექტიური მურუსიძეების სინდრომი – „ხელისუფლება მზადაა ნებისმიერ ნაძირალასთან ითანამშრომლოს, ოღონდ მიშას შეაგინონ“
სამართლიანობის აღდგენა, თუ უბრალო მეისრეების დასჯა, რომელიც მოჩვენებით სამართალს ემსახურება. ასე აფასებენ „მეტრონომთან“ ანალიტიკოსები და უფლებადამცველები გუშინ, ადვოკატ გოგა ონიანისთვის 5-წლიანი პატიმრობის შეფარდებას. მათი აზრით, სისტემური დანაშაულის თავი და თავი აქტიურ პოლიტიკაში და ხელისუფლებაშია ისევ დარჩენილია, რომლებსაც ახლანდელი ხელისუფლება ისევე თავისუფლად გამოიყენებს, როგორც ამას სააკაშვილი აკეთებდა.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილისდროინდელმა სისტემამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში უპრობლემოდ გადმოინაცვლა. ამის ნათელი მაგალითი კი ონიანის საქმეა, სადაც 6-მა ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა და აქედან პასუხისგებაში მხოლოდ ონინი მიეცა. საქმის მთავარი ფიგურანტი პროკურორი კი რომელმაც დაპატიმრების ბრძანება გასცა, დააწინაურეს. ასევე თანამდებობებს ინარჩუნებენ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებიც, რომლებმაც საქმის მასალების მიხედვით, ონიანის მიერ გაცემული უკანონო ბრძანება შეასრულეს და ორ ადამიანს ნარკოტიკები ჩაუდეს.
გოგა ონიანის ადვოკატი ბექა ბასილაია „მეტრონომთან“ აცხადებს, რომ ონიანის საქმის მთავარი მოწმე ხუთი მოქმედი პოლიციელია, რომლებმაც სასამართლოზე, ფაქტობრივად, ბრალი აღიარეს. თუმცა, ისინი სამსახურიდან ერთი დღითაც კი არავის გაუთავისუფლებია. ადვოკატი ამბობს, რომ მათთვის აღკვეთის ღონისძიებაც კი არ შეუფარდებიათ.
ისინი გლდანი-ნაძალადევის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები არიან, რომლებიც ამბობდნენ, რომ მათ უკანონო ბრძანება მიიღეს ონიანისგან და ის შეასრულეს. ბასილაიას განცხადებით, ასევე თანამდებობაზეა კვლავ ის პროკურორი, რომელიც მაშინ, საქმეს ხელმძღვანელობდა. ის ამ ხელისუფლების პირობებში დააწინაურეს და მადლობაც კი გადაუხადეს სამსახურეობრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის.
„დაცვის მხარეს პროკურორთან ზაზა წულაიასთან, რომელიც მაშინ საქმის ხელმძღვანელი იყო, პრობლემა არ გვაქვს. პირიქით, გამოდის, რომ თუ ის პროკურორი მართალია და მან თავისი მოვალეობა მაშინ პირნათლად შეასრულა და მასთან დაკავშირებით გამოძიებას კითხვები არ აქვს, მაშინ გამოდის, რომ ონიანიც უდანაშაულო ყოფილა. როგორ, ერთმა კაცმა დანაშაული ჩაიდინა და ექვსი მათგანი პროკურორის ჩათვლით უდანაშაულოა?! სად არის აქ სამართალი.
შესაბამისად, სასამართლოზე ეს პროკურორი ოქროს მოწმე იქნებოდა, მაგრამ ბრალდების მხარემ არ გამოკითხა. დარწმუნებული ვარ, რომ ის სიმართლეს იტყოდა და გოგას უდანაშაულობაც დადასტურდებოდა. ასევე მოსმართლემ არ მოგცვა იმის უფლება, რომ ეს ადამიანი დაცვის მხარეს მაინც გამოეკითხა. ეს პროკურორი ისეთ ტყუილს არ იტყოდა, როგორც პოლიციის თანამშრომლებმა იკადრეს. სასამართლოზე დავინტერესდი, 3 წლის განმავლობაში სად იყვნენ ეს პოლიციელები, რატომ მაშინვე არ განაცხადეს ონიანის დანაშაულის შესახებ, როცა ხელისუფლება შეიცვალა? რატომ სჭირდება „ოცნებას“ სისტემაში ჰყავდეს პოლიცილები, რომლებიც უკანონო ბრძანებებს ასრულებენ?!“, – განაცხადა ბასილაიამ „მეტრონომთან“.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი „მეტრონომთან“ ამბობს, რომ ონიანის საქმე არის პოლიტიკური დისკრიმინაცია, რადგანაც სავარაუდოდ ექვსმა ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა და ერთი ციხეში ზის, ხოლო ხუთი მათგანი კვლავ პოლიციაში მუშაობს და მათ ბრალი არაფერში მიუძღვით.
ხატიაშვილის თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება აღიარებს ფაქტს, რომ მას სისტემაში ჰყავს ხუთი პოლიციელი, რომელიც ადამიანებს ნარკოტიკებს უდებს და ეს ხელისუფლებას მოსწონს. უფლებადამცველის განცხადებით, ეს არის საშინელი ფაქტი, რაც იმას გულისხმობს, რომ მათი გამოყენება ახლანდელ ხელისუფლებასაც რომ მოუნდეს და კვლავ უკანონო ბრძანება მისცეთ, ისინი შესასრულებლად მზად არიან. ხატიაშვილის აზრით, პოლიციელები უბრალოდ იტყვიან, რომ ბიძინა ივანიშვილი უყვართ და მათ არ დასჯიან.
„დაკავების შესახებ გადაწყვეტიელბას პროკურორი იღებს. როგორ შეიძლება ციხეში იჯდეს ონიანი და არა პროკურორი ზაზა წულაია, რომელმაც მაშინ იმ ადამიანების დაპატიმრების ბრძანებას ხელი მოაწერა. ეს არის ანომალიური ფაქტი და პოლიტიკური დისკრიმინაცია. უფრო მეტიც, იგივე დანაშაულზე ერთ ადამიანს აკავებ, ხოლო ბრძანების გამცემ პროკურორს აწინაურებენ. ეს არის კონვეციის მე-15 მუხლის დარღვევა, რომელიც ასევე სახალხო დამცველმა დისკრიმინაციად შეაფასა. ონიანი ჩვეულებრივი პოლიტიკური პატიმარი გამოდის.
როგორ შეიძლება პოლიციელი დატოვო სისტემაში, რომელიც სასამართლოზე თავისივე პირით ამბობს, რომ უკანონო ბრძანება შეასრულა და მოქალაქეებს ნარკოტიკი ჩაუდო. ე.ი. ეს ადამიანები ნებისმიერი სახის დავალების შემსრულებლები არიან და ხელისუფლება პირდაპირ ამბობს, რომ დიახაც, მე ეს ხალხი მჭირდება. მას რომ სამართლიანობის აღდგენა სურდეს, მაშინ პროკურორები უნდა დააკავოს. ყველა უბედურება ქვეყანაში მათი ხელით ხდებოდა.
ფინანსური პოლიციის გამომძიებელი შოთაძე მთავარ პროკურორად წაიყვანეს, რა სამართლიანობის აღდგენაზე ვსაუბრობთ?! სწორედ ფინანსური პოლიცია იყო, რომელიც ხალხს უკანონოდ აპატიმრებდა. მურუსიძე და ჩინჩალაძე ამხელა თანამდებობებზე წაიყვანეს და ხელშეუხებლობის გარანტია მისცეს. ადამიანები წინა ხელისუფლების დროს, სამოქალაქო სექტორს ანადგურებდნენ და დღეს სამართლიანობას როგორ აღადგენენ?“, – განაცხადა ხატიაშვილმა „მეტრონომთან“.
ანალიტიკოსი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი „მეტრონომთან“ ამბობს, რომ სხვა არის გოგა ონიანის საქმის სამართლებრივი მხარე და სხვა საქმის პოლიტიკური კონტექსტი. მისი თქმით, ე.წ. სამართლიანობის აღდგენა დიდ ფარსად იქცა, რადგანაც შერჩევითი სამართლებრივი კონტურები იკვეთება.
ხუხაშვილის აზრით, როდესაც კოლექტიური მურუსიძე ახალ ხელისუფლებაში მთლიანად გადმობარგდა და სისტემურ დანაშაულში ბრალდებული ადამაინების ერთი ნაწილი კვლავ ხელისუფლებაშია, ხოლო მეორე ნაწილს, რომელსაც ქურდისთვის, ანუ სააკაშვილისთვის ჯერ არ შეუგინებია, ციხეშია, შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენასთან კავშირიში ვერ იქნება.
„თუ ადამიანმა დააშავა მან პასუხი უნდა აგოს, მაგრამ მეორეს მხრივ, პოლიტიკური კონტექსტი ძალიან მძიმეა. 7 ნოემბრის თემაზე მერაბიშვილია გასამართლებული, მაშინ როდესაც, იგივე „იმედის“ ეპიზოდში, ბევრად უფრო სერიოზული დანაშაული კეზერაშვილმა და უგულავამ ჩაიდინეს.
თუმცა, ეს ადამიანები, ვხედავთ უკეთეს სიტუაციაში არიან. კითხვები ხომ ჩნდება, როგორ ხდება და რატომ ასეთი გამონაკლისი, სამართალი შერჩევითი არსებობს?! მრჩება შთაბეჭდილება, რომ რეჟიმის დასჯა იმ დონემდე დავიდა, რომ ხელისუფლება მზად არის ნებისმიერ ნაძირალასთან ითანამშრომლოს, ოღონდ მიშას შეაგინონ.
მთავარი კრიტერიუმი, რომ ხელისუფლებამ შენს მიმართ ლოიალობა გამოიჩინოს ის არის, რომ მიშას შეაგინო. დანარჩენი ყველაფერი დალაგებადია. ამ ფონზე სააკაშვილი ცოტა არ იყოს მეცოდება. აქედან რა გამოდის, რომ ერთი მიშა აშავებდა და დანარჩენი ყველა ანგელოზები არიან?!“, – ამბობს ხუხაშვილი „მეტრონომთან“.
მისი თქმით, ის რომ ონოანის საქმეში ბრძანების გამცემი მთავრი ფიგურანტი პროკურორის დასჯა არ მოხდა, ეს არის კოლექტიური მურუსიძის სინდრომი. ხუხაშვილის განცხადებით, ეს არის სისტემა, რომელიც პროკურატურაში და სხვა უწყებებშია ჩაბუდებული.
ანალიტიკსოი ამბობს, რომ მოსამართლე მურუსიძის გავლენა ამ ხელისუფლების დროს უფრო დიდია, ვიდრე ეს სააკაშვილის დროს იყო. ის იმ ხელისუფლების დროს, უბრალო შემსრულებელი იყო. ახლა კი გადაწყვეტილებებს იღებს. შესაბამისად ხუხაშვილს არ უკვირს, რომ ონიანის საქმის პროკურორი დაწინაურებულია და მას სხვა მსგავს საქმეებს ისევე თავისუფლად შესარულებინებენ, როგორც სააკაშვილის ხელისუფლების დროს ასრულებდა. ანალიტიკოსი ამბობს, რომ სააკაშვილისდროინდელი სისტემა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში უპრობლემოდ გადაბარგდა.
ცნობისთვის, გიორგი ონიანს პროკურატურა რამდენიმე დანაშაულს ედავება, მათ შორისაა, უკანონო დაკავება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია. ის გუშინ ყველა ბრალდებაში დამნაშავედ სცნეს და 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.
ავტორი: ელზა პაპოშვილი