ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პატრიარქი: ილია მართალი გვაძლევს იმედს, რომ მომავალი კეთილია

2017 წლის 7 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოში შედგა წმინდა ილია მართლის დაბადებიდან 180 და გარდაცვალებიდან 110 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენციას უძღვებოდა თბილისის სასულიერო აკადემიის და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ:

“ქალბატონებო და ბატონებო,
გულითადად მოგესალმებით და მადლობას მოგახსენებთ, რომ მობრძანდით ჩვენთან!
წმინდა ილია მართლის, ჭავჭავაძის, ცხოვრება საიდუმლოებით არის მოცული.
ძნელია, ისაუბრო მასზე. უპირველეს ყოვლისა, იგი გვაძლევს იმედს, რომ მომავალი შენია, სამშობლო, და მომავალი კეთილია.
თვითონ სახელი ,,ელია” მოიცავს ღვთის სახელს ორგზის: ,,ელ” _ ღმერთი და ,,იახვე” _ უფალი, ე.ი. _ ღმერთი-უფალი. ასე, ერთ სახელში არის ორჯერ ნახსენები ღმერთი.
ილია ჭავჭავაძე დაბადებულია კრავად. ის არის კრავი ღვთისა, აღმღებელი ცოდვათა თავისი ერისა.
მისი მკვლელები სულ სხვა შედეგს ელოდნენ. მათი მიზანი იყო მოესპოთ ილიას სახელის ხსენება. მათ რომ სცოდნოდათ, რომ ქართველი ერი ასე განადიდებდა ილიას, _ ისინი მას არ მოკლავდნენ.
დღეს ილია ჭავჭავაძე არის მლოცველი ჩვენთვის.
შეგეწიოთ მისი ლოცვა-კურთხევა თქვენ და საქართველოს, ამინ!
დალოცვილი იყავით, გაიხარეთ!”
მოხსენებები წაიკითხეს: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ლადო მინაშვილმა (ილია ჭავჭავაძე _ საქართველოს თანამდევი უკვდავი სული”), ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა გურამ ბენაშვილმა ( ,,ანალიტიკური აქცენტები ილიას შემოქმედებიდან”) და ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა ხათუნა მემანიშვილი-კალანდარაშვილმა (,,ილია ჭავჭავაძის ჰომილეტიკური ხასიათის პუბლიცისტიკა”).
კონფერენციაზე გამოვიდნენ: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი დიმიტრი შველიძე,
წმინდა ილია მართლის საქველმოქმედო ფონდის თანადამფუძნებელმა, რეჟისორმა გიორგი სავანელმა საზოგადოებას ამცნო, რომ ამ საიუბილეო წელს ფონდმა დააწესა ილია ჭავჭავაძის პრემია საზოგადოებისა და საერთოდ ერის განვითარების საქმეში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის. ფონდის წევრების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, პირველად ეს პრემია მიენიჭა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდეს და უნეტარეს ილია II-ს.
წმინდა ილია მართლის ფონდი საიუბილეო კონფერენციას გამართავს ასევე საინგილოში.
კონფერენციაზე საგალობლები შეასრულეს კვარტეტმა ,,მუხამბაზმა” და არქიმანდრიტმა სერაფიმემ (ბიტ-ხარიბი) თავის გუნდთან ერთად.

იტვირთბა....