“პირდაპირ მუქარაც კი შეუთვალა იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბადრი პატარკაციშვილს, რომ თუ ტელევიზიას არ დათმობდა ნებაყოფლობით, მაშინ ძალადობრივი მეთოდებით მოხდებოდა ტელევიზიის(“იმედი”) წართმევა და ეს მოხდა კიდეც პრაქტიკულად 7 ნოემბერს”- ამის შესახებ პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა რადიო „პალიტრის“ გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა.
მან ისაუბრა ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის და ბადრი პატარკაციშვილისთვის ქონების წართმევის საქმეზე. აღნიშნულზე ბრალი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, ყოფილ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს, ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს, თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილსა და დედაქალაქის ყოფილ მერს გიგი უგულავას აქვს წაყენებული.
„თავის დროზე რკინიგზასაც სთავაზობდა ხელისუფლება პატარკაციშვილს „იმედის“ სანაცვლოდ. პირდაპირ მუქარაც კი შეუთვალა იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბადრი პატარკაციშვილს, რომ თუ ტელევიზიას არ დათმობდა ნებაყოფლობით, მაშინ ძალადობრივი მეთოდებით მოხდებოდა ტელევიზიის წართმევა და ეს მოხდა კიდეც პრაქტიკულად 7 ნოემბერს. ჩვენ ამ ფაქტის პირდაპირი მოწმეები გვყავს, რომლებიც დაიკითხებიან სასამართლოში. დადასტურებულია ფაქტებით, რომ „ტელეიმედში“ შეიჭრა ყველა ძალოვანი უწყება, რომელიც კი არსებობდა საქართველოში. ეს იყო შსს-ს კუდ-ის ქვედანაყოფები, სოდ-ის ქვედანაყოფები, კონტრდაზვერვის სამმართველო, ფინანსური პოლიციის სპეცრაზმი, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართულები, მათ შორის. ეს მოვლენები იმართებოდა ე.წ. მოდულის შენობიდან, სადაც შეკრებილები იყვნენ შს მინისტრი ივანე მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი. ეს დადასტურებულია კონკრეტული მოწმეების მიერ. ბრძანება „ტელეიმედის“ ამ ფორმით დარბევისა, რა თქმა უნდა, გაცემული იყო იმჟამინდელი პრეზიდენტის მიერ. ჩვენ სასამართლოში დავკითხავთ თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს და ასევე პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეს“, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.
მისი თქმით, 7 ნოემბრის დარბევა 4 ნოემბერს დაიგეგმა და კონკრეტულ ჯგუფებს ჰქონდათ ბრძანება, რომ მომიტინგეებს სასტიკად მოქცეოდნენ.
„4 ნოემბერს შსს-ში გაიმართა თათბირი, სადაც იმჟამინდელმა შს მინისტრმა გასცა მითითება, რომ უნდა მომხდარიყო მომიტინგეთა ცემა იმგვარად, რომ ფეხზე დიდხანს ვერ დამდგარიყვნენ. ამას არაერთი მოწმე ჰყავს და ამ ფაქტს ადასტურებს. ამ ფორმით უნდა ჩახშობილიყო საპროტესტო მუხტი. ეს მითითება ზედმიწევნით კარგად შეასრულეს დავით ახალაიამ და მისდამი დაქვემდებარებულმა სადამსჯელო რაზმებმა“, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.