ბაგრატ ჯანუაშვილი, ყოფილი პოლიციელი, რომელიც თბილისში ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს სასამართლოსგან გამამართლებელ განაჩენს ელოდება.
ნივთმტკიცებიდან გამომდინარე, რომელიც პროკურატურის მთავარი მტკიცებულებაა, ექსპერტიზამ ვერც ჯანუაშვილის ბიოლოგიური მასალა და ვერც ბრალდებულის თითის ანაბეჭდები აღმოაჩინა.
დაკავებული ამტკიცებს, რომ ნარკოტიკები მას მისივე კოლეგებმა ჩაუდეს.
ბაგრატ ჯანუაშვილის, დაკავებას ესწრებოდა მისი მეგობარი, რომელსაც დაკავებულის ადვოკატის ინფორმაციით, პოლიციაში ხელი ცარიელ ფურცელზე მოაწერინეს და სასურველი შინაარსის ოქმი თავად შეადგინეს.
შეგახსენებთ, რომ ჯანუაშვილი თბილისში 2 აგვისტოს დააკავეს. მისი მეუღლის თქმით, ის 2012 წლამდე, 12 წელი მუშაობდა პოლიციაში, ქუთაისის პირველ განყოფილებაში. ადვოკატის თქმით, მისგან პოლიციელები სხვა პირის წინააღმდეგ თანამშრომლობას მოითხოვდნენ. „რომ რასაც გეტყვით, ის უნდა თქვაო“.
როგორც „თეთრი ხმაურის მოძრაობაში” განაცხადეს, თანამშრომლობაზე უარის შემდეგ ჯანუაშვილს ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი ჩაუდეს და დააკავეს. ადვოკატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დაკავების ადგილზე არაერთი ვიდეოკამერა იყო დამონტაჟებული, ბრალდების მხარემ აღნიშნული ჩანაწერები არ ამოიღო.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბაგრატ ჯანუაშვილს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ნარკოტიკული ნივთიერების შეძენისა და უკანონო გადაზიდვის საქმის განხილვა ქუთაისის საქალაქო სასმართლოში 13 ნოემბერს გაგრძელდება.