მეგის ქარდავას ექსტრადირებამდე, მის საქმეებზე სასამართლო სხდომები შესაძლოა, აღარ გაიმართოს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” განაცხადა.
მისი თქმით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, ბრალდებულის გარეშე სხდომის ჩატარება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ბრალდებული თავს არიდებს სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. დღევანდელი მდგომარეობით, როდესაც მეგის ქარდავას წინასაექსტრადიციო პატიმრობა აქვს შეფარდებული, მისი პოზიცია საქართველოში სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით არ არის ცნობილი.
ადვოკატის განმარტებით, სწორედ საპროცესო კოდექსით იხელმძღვანელა დახურულ სხდომაზე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ და მეგის ქარდავას საქმეზე სხდომა გადადო. ქარდავას ადვოკატი მიიჩნევს, რომ ასე იქნება სხვა საქმეებზეც.
„დღევანდელი მდგომარეობით, ის თავს არ არიდებს პროცესს, ეს შეუძლებელია. შესაბამისად, მის გარეშე სხდომის გამართვის უფლება სასამართლოს არ აქვს“, – განაცხადა ველიჯანაშვილმა.
შეგახსენებთ, ხუთწლიანი სამძებრო ღონისძიების შემდეგ სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა უკრაინაში, ქალაქ ივანო ფრანკოვსკში დააკავეს. მას უკრაინულმა მხარემ 40 დღიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.
ქარდავას ბრალი ედება რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში. მათ შორის, სამეგრელოში აღმოჩენილი საიდუმლო სამალავების საქმეზე 2014 წელს მას დაუსწრებლად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის არის ერთ-ერთი ფიგურანტი სერგო თეთრაძის წამების ორგანიზების საქმეში სასჯელაღრსრულების ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასთან ერთად. მეგის ქარდავას გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წაუყენეს 109-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ითვალისწინებს. გამოძიება მას დანაშაულის ორგანიზებას და მკვლელობის დაკვეთას ედავება; ასევე თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან თანხების მითვისების გამო, ქარდავას 2013 წელს დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა და მასზე გამოცხადდა ძებნა.
საქართველოში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგაც რამდენიმე საქმეა აღძრული.