ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კალაძე უბილეთო მგზავრებისთვის ჯარიმის გაზრდის საკითხს ეხმაურება

თბილისის ახალი მერი უბილეთო მგზავრებისთვის ჯარიმის გაზრდის საკითხს გამოეხმაურა. კალაძის თქმით, ის მიესალმება ახალ რეგულაციებს და მიაჩნია, რომ ჯარიმის გაზრდა აუცილებელია. მისი განცხადებით, ქალაქის მოწესრიგებაში საზოგადოებაც უნდა იყოს ჩართული. კალაძე ამბობს, რომ მოქალაქეების შეგნება იმ დონემდე უნდა გაიზარდოს, რომ ქუჩაში ნაგვის და სიგარეტის ნამწვის დაგდება სირცხვილად ითვლებოდეს.

„ჩვენ  ძალიან ბევრი მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ. საზოგადოების ჩართულობა იქნება ძალიან მაღალი. ეს ქალაქი მარტო ჩემი და მარტო ჩემი პასუხისმგებლობა არ არის, რა თქმა უნდა, მე უდიდესი პასუხისმგებლობა მაქვს, ვარ ხალხის მიერ არჩეული ქალაქის მერი, მაგრამ საზოგადოებაც აქტიურად უნდა იყოს ჩართული ქალაქის მოწესრიგებაში. საჭირო პლატფორმას ჩვენ შევქმნით. სირცხვილი უნდა იყოს თუნდაც ნაგვის გადაყრა, თუნდაც სიგარეტის გადაგდება. მესმის, რომ ეს რთული გვეჩვენება, თუმცა მერწმუნეთ, რომ შესაძლებელია“, – ამბობს ქალაქის მერი.

შეგახსენებთ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთო მგზავრობაზე ჯარიმა 5 ლარიდან 20 ლარამდე იზრდება. მგზავრი ვალდებულია მგზავრობის დასაწყისიდანვე შეიძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით განახორციელოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხის გადახდა.

კახა კალაძემ დღეს ზოოპარკთან და ცირკთან მიწისქვეშა გადასასვლელები დაათვალიერა. თბილისის არჩეული მერის განმარტებით, მიწისქვეშა გადასასვლელებში ძალიან მძიმე მდგომარეობაა.

იტვირთბა....