ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

“2018 წლის ბიუჯეტში პენსიის ზრდის რესურსი არ არის”

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით,  2018 წლის ბიუჯეტში პენსიის ზრდის რესურსი არ არის . ეს განცხადება მინისტრის მოადგილემ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებზე საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, სწორედ ამიტომ არის, რომ ეკონომიკური ზრდა უნდა მოხდეს და ქვეყანას ექნება იმის რესურსი, რომ სოციალური ხარჯები დამატებით გაზარდოს.

“2018 წლის ბიუჯეტში პენსიის ზრდის რესურსი არ არის, ჩვენ სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ, რომ უნდა ვუზრუნველვყოთ ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკური ზრდის შემდეგ, ჩვენ გვექნება რესურსი იმისთვის, რომ სოციალური ხარჯები დამატებით გაიზარდოს,“ – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მისი თქმით, დღეის მდგომარეობით ქვეყნის წინაშე არსებულ მთავარ ამოცანას, მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა წარმოადგენს, რაც შექმნის რესურსს სოციალური ხარჯების გასაზრდელად.

„ჩვენი ქვეყნის წინაშე მთავარი გამოწვევა არის მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა. ამას ემსახურება, როგორც 2018 წლის ბიუჯეტი, ასევე ზოგადად ის ფისკალური ჩარჩო, რომელიც გასული წლის ბოლოს იქნა პარლამენტში წარდგენილი და მიღებულ იქნა პარლამენტის მიერ,” – განმარტავს კაკაურიძე.

ამ წუთებში პარლამენტი 2018 წლის ბიუჯეტის განხილვას იწყებს. ქვეყნის მთავარ საფინანსო დოკუმენტს ფინანსთა მინისტრი წარადგენს. დიმიტრი ქუმსიშვილი დეპუტატებს უკვე გადამუშავებულ ვარიანტს გააცნობს. ბიუჯეტის პროექტი 12 მილიარდ 403 მილიონი ლარით განისაზღვრა და თანხა ძირითადად, სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება.

იტვირთბა....