ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საქართველოს ელჩი საბერძნეთში თანამემამულეებისადმი განცხადებას ავრცელებს

საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, იოსებ ნანობაშვილის განცხადება თანამემამულეებისადმი საბერძნეთში საქართველოს საელჩოს Facebook-ის გვერდზე ვრცელდება.

ელჩის განცხადება ეხება უკანასკნელ პერიოდში საბერძნეთის სამართალდამცველების მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავებებს.

“თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე ეტაპზე საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებული კრიმინალური შემთხვევების არსებობა საქართველოსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობებში არსებულ უმთავრეს პრობლემად რჩება. ვფიქრობ ზედმეტია იმის განმარტება, რომ ეს პრობლემა უაღრესად დიდ ზიანს აყენებს, როგორც ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ერის იმიჯს, ასევე საელჩოს საქმიანობას. მსგავსი ფაქტები მნიშვნელოვნად აფერხებენ საბერძნეთის ხელისუფლებასთან ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მოლაპარაკებას, ასევე საქართველოს მოქალაქეების მიმართ ბერძნულ საზოგადოებაში ქმნიან ძალზე ნაგატიურ ფონს”. აღნიშნულია მიმართვაში.

იოსენ ნანობაშვილის განცხადებით, საელჩო საბერძნეთის მთავრობის შესაბამისი სტრუქტურების უმაღლეს პირებთან, როგორც ოფიციალური, ასევე არაოფიციალური არხებით, სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გარდა, მუდმივ დიალოგს ორ საკითხზე მაინც აწარმოებს.

“პირველი – განუხრელად იყოს დაცული საქართველოს მოქალაქეების უფლებები, მიუხედავად იმ დანაშაულის სიმძიმისა, რომელშიც მათ ედებათ ბრალი. მეორე – არ იქნას დაშვებული მცდარი, ორაზროვანი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება დანაშაულში ბრალდებული ჩვენი თანამემამულეების შესახებ“, – ნათქვამია მიმართვაში.

საბერძნეთში 85 წლის ქალის გაძარცვის, ცემისა და ცხელი უთოს გამოყენებით წამების ფაქტზე დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ფოტოები გავრცელდა. ფოტოები ბერძნულმა საინფორმაციო სააგენტომ პოლიციაზე დაყრდნობით გამოაქვეყნა. ამ ფაქტზე ბრალდებული 8 ქართველი მოქალაქე 30 ოქტომბერს დააკავეს.

იტვირთბა....