სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორგანიზებით, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების საკითხებზე დონორთა საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა.
კონფერენციის მონაწილეებმა პარტნიორ ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს გააცნეს ქბრბ უსაფრთხოების სფეროში არსებული ვითარება და მიღწეული პროგრესი. მხარეებმა ერთობლივად განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის შედეგები, ეროვნულ დონეზე არსებული საჭიროებები ქიმიური, ბიოლოგიური და რადიაციულ-ბირთვული უსაფრთხოების მიმართულებებით და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.
“საქართველომ უდიდეს პროგრესს მიაღწია ბოლო ათი წლის განმავლობაში, რაც ჩვენ ვთანამშრომლობთ. მე ნამდვილად მინდა, რომ მივულოცო ქართველებს იმისთვის,რაც მათ უკვე გააკეთეს, მათი კონტრიბუციისთვის საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით. თქვენ ძალიან აქტიურები იყავით საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის კუთხით, რეგიონულ და საერთაშორისო ორგანზაცებთან თანამშრომლობისას. დღეს თქვეს, რომ ამ საფრთხეებს არ აქვს ეროვნული საზღვრები და ეს ნამდვილად ასეა. საერთაშორისო თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველოს დიდი წვლილი აქვს ამ მიმართულებით”-განაცხადა შვედეთის ელჩმა საქართველოში მარტინა ქვიქმა.
ღონისძიებას მოდელირება გაეროს რეგიონთაშორისი დანაშაულისა და სამართლის კვლევის ინსტიტუტის „ევროკავშირის ქბრბ რისკების შემცირებისა და უსაფრთხო მმართველობის“ პროგრამის ხელმძღვანელმა გაუწია. ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებმა და სხვა საერთაშორისო პარტნიორებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს საქართველოს მნიშვნელოვანი როლი საერთაშორისო ასპარეზზე და მისი წვლილი რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. მოწვეულმა სტუმრებმა ხაზი გაუსვეს დონორთა საკოორდინაციო შეხვედრების მნიშვნელობას და გამოთქვეს მზადყოფნა კვლავ გააგრძელონ წარმატებული თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციულ-ბირთვული და სხვა გლობალური საფრთხეების შემცირების მიზნით.