შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ ნუცუბიძის პლატოზე მომხდარი შემთხვევის ერთ-ერთი მთავარი მოწმის მიერ გაკეთებულ განცხადებას. საქმე ეხება, მოწმე ნოდარ შანიძის კომენტარს, რომელმაც პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ აღნიშნა, რომ პაატა პავლიაშვილის ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე დამოკიდებულების ვერსია მომხდარის ღამეს, შსს-ს ჟურნალისტისგან შეიტყო.
შსს აცხადებს, რომ სამინისტროს ჟურნალისტს ნოდარ შანიძისთვის არ უკითხავს გარდაცვლილის ფსიქოტროპულ ან ნარკოდამოკიდებულებასთან დაკავშირებით.
“ინტერვიუ აღნიშნულ მოქალაქესთან, რომელიც მომხდარი კონფლიქტის ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენდა, ჩაწერილია უწყვეტ რეჟიმში. ვიდეოკამერა არ გამორთულა ინტერვიუს დასაწყისიდან ბოლო სიტყვამდე, მათ შორის, იმ მონაკვეთშიც, როდესაც რესპონდენტი, ინტერვიუს მსვლელობისას, შუალედში, სატელეფონო ზარს პასუხობს. ასე, რომ ჟურნალისტს არ დაუსვამს კითხვა გარდაცვლილი პირის ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ალკოჰოლური დამოკიდებულების შესახებ, რესპონდენტი თავად იწყებს ამ თემაზე საუბარს, პირველად სწორედ იგი ახსენებს სიტყვა „ფსიქოტროპულს“ და აცხადებს, რომ გარდაცვლილი პირი ალკოჰოლდამოკიდებული იყო და ამასთან, ფსიქოტროპულ მედიკამენტებსაც მოიხმარდა.
აღნიშნული ვიდეომასალა სრულად, დაუმონტაჟებელი სახით ინახება შსს-ს არქივში. შსს-ს პრესსამსახური მზადაა, ვიდეოჩანაწერს ჩაუტარდეს შესაბამისი ექსპერტიზა, მისი უწყვეტობის და ავთენტურობის დადგენის მიზნით”,- აღნიშნავს შსს-ს პრესსამსახური.
შეგახსენებთ, რომ 25 ოქტომბერს, ნუცუბიძეზე პაატა პავლიაშვილი იმ დროს გარდაიცვალა, როცა მას სამართალდამცველები ადმინისტრაციული წესით აკავებდნენ. საქმეზე გამოძიება დაწყებულია.

