შსს არ ადასტურებს, რომ ნუცუბიძეზე მომხდარი ფაქტის თვითმხილველს შსს-ს ჟურნალისტმა გარდაცვლილის ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ალკოჰოლური დამოკიდებულების შესახებ კითხვა დაუსვა.
”ინტერვიუ აღნიშნულ მოქალაქესთან, რომელიც მომხდარი კონფლიქტის ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენდა, ჩაწერილია უწყვეტ რეჟიმში. ვიდეოკამერა არ გამორთულა ინტერვიუს დასაწყისიდან ბოლო სიტყვამდე, მათ შორის, იმ მონაკვეთშიც, როდესაც რესპონდენტი, ინტერვიუს მსვლელობისას, შუალედში, სატელეფონო ზარს პასუხობს. ასე, რომ ჟურნალისტს არ დაუსვამს კითხვა გარდაცვლილი პირის ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ალკოჰოლური დამოკიდებულების შესახებ, რესპონდენტი თავად იწყებს ამ თემაზე საუბარს, პირველად სწორედ იგი ახსენებს სიტყვა „ფსიქოტროპულს“ და აცხადებს, რომ გარდაცვლილი პირი ალკოჰოლდამოკიდებული იყო და ამასთან, ფსიქოტროპულ მედიკამენტებს მოიხმარდა. აღნიშნული ვიდეომასალა სრულად, დაუმონტაჟებელი სახით ინახება შსს-ს არქივში. შსს-ს პრესსამსახური მზადაა, ვიდეოჩანაწერს ჩაუტარდეს შესაბამისი ექსპერტიზა, მისი უწყვეტობის და ავთენტურობის დადგენის მიზნით”, – აცხადებს შსს.
შეგახსენებთ, რომ ნუცუბიძის ფერდობზე მოქალაქის გარდაცვალების საქმეზე დღეს, ერთ-ერთი მთავარი მოწმე ნოდარ შანიძე პროკურატურამ დაკითხა. სწორედ მასთან კონფლიქტის გამო გახდა პატრულის გამოძახება საჭირო, რასაც შემდგომ პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების ფაქტი მოჰყვა.
დაკითხვიდან გამოსულმა ნოდარ შანიძემ აღნიშნა, რომ 2 საათი მას იმ კონფლიქტის შესახებ ეკითხებოდნენ, რომელიც პავლიაშვილის გარდაცვალებას წინ უძღოდა.
ნოდარ შანიძე ასევე, განმარტავს, რომ ნუცუბიძის ფერდობზე მომხდარი ინცინდენტის შემდეგ შსს-სთვის მიცემულ ინტერვიუში, გარდაცვლილის მიერ ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარებასთან დაკავშირებით კითხვა შსს-ს წარმომადგენელმა დაუსვა.