ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების (MARCOM) სარდლის მოადგილემ, ვიცე-ადმირალმა ერვი ბლეჟონმა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ნატო-საქართველოს საზღვაო თანამშრომლობის საკითხები მედიის წარმომადგენლებთან შეაჯამეს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოში ბულგარეთის საელჩოს და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისს ნატო-ს საპორტო ვიზიტის ორგანიზებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. გიორგი მღებრიშვილმა ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის მნიშვნელობაზე.
„ეს გახლავთ ნატო-ს საზღვაო შენაერთის მესამე ვიზიტი საქართველოში, რაც ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის მკაფიო მაგალითია… ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ იმისთვის, რომ განვავითაროთ ჩვენი შესაძლებლობები ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად და უზრუნველვყოთ ალიანსთან ურთიერთთავსებადობა“, – აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.
პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს ნატო-ს წარმომადგენლებმაც უპასუხეს.
აღსანიშნავია, რომ ერთობლივ პრესკონფერენციამდე ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლის მოადგილემ შს მინისტრს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში საპორტო ვიზიტით მყოფი, ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) გემების მეთაურები წარუდგინა და საფლაგმანო ხომალდზე – „REGELE FERDINAND“ უმასპინძლა.
ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ხომალდები ბათუმის ნავსადგურში 6 ნოემბრამდე დარჩებიან. შენაერთის ხომალდები სხვადასხვა სწავლებასა და საჩვენებელ წვრთნაში მიიღებენ მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის ნავსადგურში ნატოს ხომალდები დღეს შემოვიდნენ.
ფოტო: დარეჯან ჩხიკვაძე