ახალი ამბები მთავარი სამართალი

“რუსეთის ციხეში სიკვდილი მემუქრება”: კადიევი ქართველ ხალხს მიმართავს

“მივმართავ ქართველს ხალხს, რომ მოახდინონ გავლენა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე. ასეთ შემთხვევაში აღარ მოხდება ჩემი ექსტრადირება რუსეთში”, – ამის შესახებ მიკაელ კადიევმა დღეს, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამართულ ბრიფინგზე ნუგზარ წიკლაურთან ერთად განაცხადა.

კადიევის თქმით, მას გააჩნია ყველა მტკიცებულება, რომელიც მის უდანაშაულობას ადასტურებს.

„მივმართავ ქართველ ხალხს, რადგან მე აქ უკვე დავკარგე ყველა ინსტანციის იმედი. აპირებენ ჩემს გაგზავნას და დაპატიმრებას რუსეთში, მაგრამ მე გამაჩნია მტკიცებულებები, რომ უდანაშაულო ვარ. რუსეთის ციხეში სიკვდილი მელოდება. ამ წლის განმავლობაში რუსეთის ციხეებში გაურკვეველი სიკვდილით 19 მუსულმანი ჩრდილოკავკასიელი გარდაიცვალა. მეც იგივე მელოდება, ამიტომ მივმართავ ქართველს ხალხს, რომ მოახდინონ გავლენა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე. ასეთ შემთხვევაში აღარ მოხდება ჩემი ექსტრადირება რუსეთში”, – აცხადებს მიკაელ კადიევი.

ნუგზარ წიკლაურის თქმით, მათი პოლიტიკური ძალა დაუშვებლად მიიჩნევს კადიევის რუსეთისთვის გადაცემას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, არ გადასცენ კადიევი რუსეთს.

მიკაელ კადიევის მოთხოვნა ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ არ დააკმაყოფილა. სამინისტროს უარი კადიევმა სასამართლოში გაასაჩივრა და დავა წააგო.

რუსეთის პროკურატურა კადიევს მკვლელობაში ადანაშაულებს, რომელიც 2009 წელს მოხდა. ბრალდებული აცხადებს, რომ ის უდანაშაულოა. 2013 წელს კადიევი საქართველოს პროკურატურამ ტერორიზმისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა. თუმცა, ტერორიზმის ნაწილში ბრალი მალევე მოუხსნეს. სასამართლომ მას ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

იტვირთბა....