ახალი ამბები მთავარი სამართალი

ნუცუბიძეზე მოქალაქის გარდაცვალების საქმის მთავარი მოწმე: ფსიქოტროპულზე შსს-მ მკითხა, მე კი არ მომიგონია

ნუცუბიძის ფერდობზე მოქალაქის გარდაცვალების საქმეზე დღეს, ერთ-ერთი მთავარი მოწმე ნოდარ შანიძე პროკურატურამ დაკითხა. სწორედ მასთან კონფლიქტის გამო გახდა პატრულის გამოძახება საჭირო, რასაც შემდგომ პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების ფაქტი მოჰყვა.

დაკითხვიდან გამოსულმა ნოდარ შანიძემ აღნიშნა, რომ 2 საათი მას იმ კონფლიქტის შესახებ ეკითხებოდნენ, რომელიც პავლიაშვილის გარდაცვალებას წინ უძღოდა.

ნოდარ შანიძე ასევე, განმარტავს, რომ ნუცუბიძის ფერდობზე მომხდარი ინცინდენტის შემდეგ შსს-სთვის მიცემულ ინტერვიუში, გარდაცვლილის მიერ ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარებასთან დაკავშირებით კითხვა შსს-ს წარმომადგენელმა დაუსვა.

„ინტერვიუ, რომელიც მე მივეცი შსს-ს ოპერატორებს, იყო კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაწერილი ინტერვიუ. მე ისინი მეკითხებოდნენ, მერე ჩართავდნენ კამერას და მე ვპასუხობდი. ფსიქოტროპული იმათ მკითხეს, მე კი არ მომიგონია,“ – აცხადებს ნოდარ შანიძე.

მისი ადვოკატის მუხრან ღურწკაიას თქმით, შანიძე პროკურატურაში სხვა მეზობელთან მომხდარი კონფლიქტის გამო დაკითხეს და არა პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე.

„გარდაცვალების საქმე და ეს საქმე არის ერთად, მაგრამ გამოძიებამ მერე შეიძლება გამოყოს ეს საქმეები კანონი, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი იძლევა ამის შესაძლებლობას, მაგრამ ამ მომენტისთვის, ჩემი ვარაუდით და იმ ინფორმაციებით, რაც გამოძიებას აქვს მიწოდებული, რა თქმა უნდა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ვერ იქნება ბრალდებული ჩხუბთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ მას, მისი განმარტებით, აქეთ მიაყენეს შეურაცხყოფა,“ – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე ხნის წინ, ნუცუბიძის ფერდობზე პაატა პავლიაშვილი სამართალდამცავების მიერ მისი დაკავების დროს გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტზე საქმე აღძრულია და პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს. მომხდარიდან ცოტა ხანში შსს-მ გამოაქვეყნა ვიდეო ნოდარ შანიძის მონაწილეობით, სადაც ის ამბობს, რომ გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილი ფსიქოტროპულ მედიკამენტებს იღებდა, რასაც შესაძლოა მისი გარდაცვალება გამოეწვია.

ოჯახის წევრები ფაქტის გამოძიებას მოითხოვენ და ამბობენ, რომ პავლიაშვილის ცუდად გახდომის ფაქტი პატრულის თანამშრომლებმა არ გაითვალისწინეს და მისი დაკავების ოპერაცია გააგრძელეს, რა დროსაც ის გარდაიცვალა. ოჯახი ფაქტში პატრულის თანამშრომლებს ადანაშულებს.

იტვირთბა....