ახალი ამბები მთავარი სამართალი

ქარდავამ უკრაინას, შესაძლოა, პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვოს

სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას ადვოკატი მალხაზ ვენიჯანაშვილი აცხადებს, რომ ქარდავამ შესაძლოა უკრაინას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვოს. ადვოკატის განცხადებით,  მას ჯერჯერობით მისი დაცვის ქვეშ მყოფთან არ უსაუბრია, თუმცა ველიჯანაშვილი ამბობს, რომ თავად ქარდავა საქართველოს ხელისუფლებისგან  თავს პოლიტიკურ დევნილად მიიჩნევს.

ამასთან, ველიჯანაშვილი უკრაინის სასამართლოსგან ქარდავას ექსტრადირების გადაწყვეტილებას არ ელოდება და ამბობს, რომ პროცედურები დროში საკამოდ გაწელილია. შესაბამისად, მისი ექსტრადირება შესაძლოა რამდენიმე თვე გაგრძელდეს.

“მეგის ქარდავამ თუ პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო გათავისუფლდება და ინტერპოლის ძებნიდანაც მოხსნიან. ამ საკითხზე არასდროს მისაუბრია მასთან, არც კომუნიკაცია მაქვს, თუმცა მისი პოზიციიდან გამომდინარე, რომ ის პოლიტიკურ დევნილად მიიჩნევს თავს, ეს მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ მოითხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს”, – განაცხადა ველიჯანაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ უკრაინაში სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა დააკავეს. საქართველოს პროკურატურამ აღნიშნული ფაქტი დაადასტურა. საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების მიერ 1 ნოემბერს დაკავებული იქნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნილი, ყოფილი მაღალჩინოსანი მეგის ქარდავა, რომელიც 2013 წლის 13 თებერვლიდან საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნებოდა.

უკრაინის კომპეტენტური სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მეგის ქარდავა მიმართ გამოყენებულია საექსტრადიციო პატიმრობა და მისი საქართველოში ექსტრადიციის საკითხი გადაწყდება უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად.

ცნობისთვის,  ქარდავას ბრალი ედება რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში. მათ შორის, სამეგრელოში აღმოჩენილი საიდუმლო სამალავების საქმეზე ქარდავას 2014 წელს დაუსწრებლად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა; ის არის ერთ-ერთი ფიგურანტი სერგო თეთრაძის წამების ორგანიზების საქმეში სასჯელაღრსრულების ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასთან ერთად; მეგის ქარდავას გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წაუყენეს 109-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ითვალისწინებს. გამოძიება მას დანაშაულის ორგანიზებას და მკვლელობის დაკვეთას ედავება; ასევე თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან თანხების მითვისების გამო, ქარდავას 2013 წელს დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა და მასზე გამოცხადდა ძებნა.

იტვირთბა....