მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე უკრაინაში მეგის ქარდავას დაკავებას გამოეხმაურა. მან დაადასტურა მისი დაკავების ფაქტი და აღნიშნა, რომ ის საქართველოს პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზეა დაკავებული.
„გიდასტურებთ, რომ მეგის ქარდავა საქართველოს პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზეა დაკავებული. მთავარია რომ ქარდავა წარდგა სასამართლოს წინაშე, შეეფარდა საექსტარდიციო პატიმრობა და ახლა შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს. რა დრო დასჭირდება ექსტრადირებას ვერ გეტყვით, ამაზე სასამართლო იმაჯელებს, უკრაინული კანონმდებლობიდან გამომდინარე საექსტრადიციო პროცედურები ერთ წელზე მეტ ხანს არ უნდა გაგრძელდეს”- განაცხადა გიორგი გოგაძემ.
ხუთწლიანი სამძებრო ღონისძიების შემდეგ სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა უკრაინაში, ქალაქ ივანო ფრანკოვსკში დააკავეს.
ქარდავას ბრალი ედება რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში. მათ შორის, სამეგრელოში აღმოჩენილი საიდუმლო სამალავების საქმეზე 2014 წელს მას დაუსწრებლად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის არის ერთ-ერთი ფიგურანტი სერგო თეთრაძის წამების ორგანიზების საქმეში სასჯელაღრსრულების ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასთან ერთად. მეგის ქარდავას გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წაუყენეს 109-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ითვალისწინებს. გამოძიება მას დანაშაულის ორგანიზებას და მკვლელობის დაკვეთას ედავება; ასევე თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან თანხების მითვისების გამო, ქარდავას 2013 წელს დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა და მასზე გამოცხადდა ძებნა.