ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ბექა ხახუბიას საქმეზე დაცვის მხარე პროკურატურის მოწმეებს უნდობლობას უცხადებს

გარდაცვლილ ბექა ხახუბიას საქმეზე, დაცვის მხარე პროკურატურის მოწმეებს, რომლებიც დღეს დაიკითხნენ, უნდობლობას უცხადებს.

ადვოკატ ნოდარ ცინცაძის თქმით, ტრაილერისა და ევაკუატორის მძღოლები წარმოშობით დასავლეთიდან არიან და მათ ჩვენებებში იკვეთებოდა ანტიპატია საპატრულო პოლიციის მიმართ.

პროკურორ დავით ყაზარაშვილის განცხადებით, ორივე მოწმე სანდოა და მათი ჩვენებებიც ობიექტურია.

ცინცაძის ინფორმაციით, ევაკუატორის მძღოლი დაკითხვიდან გამოსულ ტრაილერის მძღოლს ესაუბრა, იკითხა რას ეკითხებოდნენ პროცესზე, რაც მოწმისთვის კარნახად შეიძლება შეფასდეს. მისივე განცხადებით, ეს საუბარი სასამართლოს დერეფანში ტელეკამერებმა დააფიქსირეს და ითხოვა, რომ ჩანაწერის საქმის მასალებს დაერთოს.

ადვოკატმა ასევე განმარტა, რომ მიუხედავად მცდელობისა საქმე სხვაგვარად წარმოეჩინათ, ტრაილერის მძღოლმა მაინც აღნიშნა, რომ ვიდრე გზა გატაკეტილი იყო, რამდენიმე მანქანამ გავლა ნელი სვლით მაინც შესძლო და ეს ჩვენება მნიშვნელოვანია. მომდევნო პროცესი 6 ნოემბერს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ გორის გვირაბთან მომხდარი ავარიის დროს დაღუპული ბექა ხახუბიას საქმეზე, საპატრულო პოლიციის შიდა ქართლის სამმართველოს სამ თანამშრომელს ბრალი წარუდგინა.

გამოძიება საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე და 116-ე მუხლების დარღვევას ედავება, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

სამივე პირი სასამართლოდან 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. მათ პოლიციელის უფლებამოსილება შეუჩერდათ.

17 მაისს, გამთენიისას გორის გვირაბთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას ვაჟი, 21 წლის ბექა ხახუბია დაიღუპა.

გავრცელებული ცნობით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავ მანქანას გორის გვირაბთან პოლიციელებმა გზა ტრაილერით ჩაუხერგეს, რის შედეგადაც მძღოლი ტრაილერს შეასკდა და გარდაიცვალა.

აღნიშნულ საქმეზე, შსს-მ შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვა.

იტვირთბა....