სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილს დღეის მდგომარეობით, სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით განსაზღვრული ვადა მოხდილი არ აქვს.
შესაბამისად, ივანე მერაბიშვილის საქმეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო მოცემულ ეტაპზე ვერ განიხილავს. ამასთან, სიმართლეს არ შეესაბამება, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში ვადამდე გათავისუფლების შესახებ უწყება მიუტანეს.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განმარტავს, რომ მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. აღნიშნული ვადა დამოკიდებულია პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის კატეგორიაზე, კერძოდ: ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, მსჯავრდებულმა უნდა მოიხადოს მოსახდელი სასჯელის არანაკლებ ნახევარი, მძიმე დანაშაულის შემთხვევაში – არანაკლებ ორი მესამედი და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში – არანაკლებ სამი მეოთხედი. აღნიშნული ვადის მოხდის შემდეგ, პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა და ეს აცნობოს მსჯავრდებულს. ადგილობრივი საბჭო თვის დასაწყისში მიღებულ შუამდგომლობებს განიხილავს შემდეგი თვის ხუთ რიცხვამდე. საბჭო ყველა შესულ შუამდგომლობას სავალდებულო წესით იხილავს.
შეგახსენებთ, დღეს “პრაიმტაიმმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვანო მერაბიშვილს შესაძლოა ციხე ახალ წლამდე დაეტოვებინა.
მერაბიშვილის ადვოკატმა სტრასბურგში დაწყებულ პროცესზე, ოთარ კახიძემ კი არ დაადასტურა ინფორმაცია.
“არანაირი ინფორმაცია არ მაქვს ამის დამადასტურებელი. არ ვიცი ეს მოხდება თუ – არა. მე შემიძლია ვთქვა, რომ თუ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება, მაშინ სახელმწიფოს მოუწევს მერაბიშვილის გათავისუფლება ყველა შემთხვევაში, ან მოუწევს ძალიან მაღალი პოლიტიკური ფასის გადახდა, რომელსაც არ გააკეთებს”- აღნიშნა ოთარ კახიძემ.
როგორც მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი ტელეკომპანია “პირველის” ეთერში აცხადებს, დადგა ის პერიოდი, როდესაც ვანო მერაბშვილს უკვე ეხება ვადაზე ადრე გათავისუფლება.
“სასჯელაღსრულების სამინსტრო პერიოდულად განიხილავს ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხს. მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ის ამ ვადას ვერ დაარღვევს”- აღნიშნა ადვოკატმა.
ჩივიაშვილი ამბობს, რომ ახალ წლამდე მერაბიშვილის გათავისუფლების პერსპექტივა ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. ადვოკატის თქმით, ის ვადას ზუსტად ვერ დააკონკრეტებს.