საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანთან, გურამ კაშიასთან დაკაშირებული სკანდალი არ ცხრება. კაშია კლუბ „ვიტესის” მცველია და ჰოლანდიაში ერთ-ერთ მატჩზე, როგორც გუნდის კაპიტანი, LGBT თემის მხარდამჭერი სამკლაურით წარდგა. ამ სამკლაურის გამო ის ფეხბურთის არაერთმა გულშემატკივარმა გააკრიტიკა და „ფეისბუქზე“ დაიწერა პოსტები, რომ კაშია საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი არ უნდა იყოს.
ფეხბურთელი ამ შეფასებებს ტელევიზიით, ერთ-ერთ ჰოლანდიური არხისთვის მიცემულ ინტერვიუში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის ადამიანის უფლებებს ყოველთვის იცავდა, მათ შორის ადამიანის თავისუფალი ნების გამოხატვას, რომ ის კვლავ თავის აზრზე რჩება და განსაკუთრებულ ყურადღებას არ უთმობს გულშემატკივრების განცხადებებს. საქართველოში ფეხბურთელის მხარდამჭერი განცხადებებიც გაკეთდა. ის კოლეგებმა, ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტებმა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დაიცვეს, რისთვისაც კაშიამ მათ მადლობა გადაუხადა.
„მეტრონომი“ გთავაზობთ იმ ადამიანების სიას და განცხადებებს, რომლებმაც კაშიას საქციელი გაამართლეს და ასევე ადამიანებს, რომლებმაც მისი საქციელი ქვეყნის და ეროვნული ნაკრების ღალატად ჩათვალეს.
კაშიას მხარი დაუჭირეს სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა: გიორგი მერებაშვილმა („ვისლა“ პლოცკი, პოლონეთი), გიორგი არაბიძემ („შახტარი“ დონეცკი, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილმა („კრასნოდარი“ რუსეთი), გიორგი ლორიამ (“ანჟი”, რუსეთი), ჯანო ანანიძემ (“სპარტაკი” რუსეთი), ოთარ კაკაბაძემ (“ესბიერგი” დანია), გიორგი ნავალოვსკიმ (სკა რუსეთი), გიორგი ქვილითაიამ (“რაპიდი” ავსტია), ნიკა კაჭარავამ (“კორონა” პოლონეთი) და ჯიმი ტაბიძემ („უფა“ რუსეთი). პირველმა მხარდაჭერა კაშიას კი სფფ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ გამოუცხადა.
კაშიას მხადაჭერას ასევე, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა დიდი ჯგუფი უცხადებს და მის წინააღმდეგ აგორებული კამპანია ოფილიალური განცხადებით დაგმეს.
ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ფეხბურთელ გურამ კაშიას საქციელს ამართლებს.
„კაშიამ დააფიქსირა ის, რომ ყველა ადამიანი, განურჩევლად მისი სექსუალური შეხედულებისა, არის ჩვენი საზოგადოების ჩვეულებრივი წევრი და მათი განსხვავება რაიმე ნიშნით, მიუღებელია.
გურამ, შენ, პირადად ჩემთვის იყავი და ყოველთვის იქნები ქართული ფეხბურთის ნაწილი. შენ ბევრჯერ დაამტკიცე, რომ პატივია საქართველოს დროშის ქვეშ თამაში და ვამაყობ იმით, რომ შენთან ერთად ბევრი წელი ვიმუშავე“, – აცხადებს სიჭინავა.
გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადა თბილისის ახლად არჩეულმა მერმა კახი კალაძემ.
„მე არ ვიცი, ვინ რა განცხადებები გააკეთა. თუმცა ის, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი ჩვენი ხელისუფლების პირობებში იქნა მიღებული, ეს არის მისასალმებელი. გამოხატვის თავისუფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, ყველა ადამიანს აქვს უფლება, მიუხედავად მისი ეროვნებისა, მრწამსისა თუ სექსუალური ორიენტაციისა, გამოხატოს თავისი შეხედულებები”, – განაცხადა კახი კალაძემ.
კაშიას სოლიდარობა გამოუცხადეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმაც:
“კაშოს” 15-16 წელია ვიცნობ, გარდა იმისა რომ ძალიან კარგი ფეხბურთელია, უპირველესად ძალიან კარგი ადამიანია. ვინც კაშია გააკრიტიკა, მას არ ესმის, რომ სამკლავურის გაკეთება პროპაგანდა არაა. აგრესია დასაგმობია ნებისმიერი სქესის, რასისა თუ ორიენტაციის მქონე ადამიანის მიმართ. გურამმა თანადგომა გამოუცხადა მათ, ვინც ლგბტ თემს წარმოადგენს და მათ მიმართ აგრესია ხორციელდება. კაშიას პოზიციას სრულიად ვიზიარებ,” – განაცხადა საქართველოს ნაკრების წევრმა გიორგი მერებაშვილმა.
კლუბ “ლოკომოტივის” გენერალური დირექტორი, გიორგი ყიფიანი “ტვ პირველის” ეთერში გურამ კაშიას მიერ LGBT სამკლაურით თამაშს გამოეხმაურა.
“მე ვამაყობ, რომ გურამ კაშია არის ჩვენი ქვეყნის ვიცე-კაპიტანი. მე მოვიქცეოდი ისე, როგორც მოიქცა გურამ კაშია. მან მხარი დაუჭირა ადამიანების ანტიდისკრიმინაციას და ეს არის ძალიან ადეკვატური მოვლენა. ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი გზა აირჩია მან და მერე მისი შეფასებებიც იყო ძალიან ადეკვატური. ამიტომ, მე მხარს ვუჭერ გურამ კაშიას.” – აცხადებს ყიფიანი.
გურამ კაშიას ჩართულობას ლგბტ ადამიანების უფლებების მხარდამჭერ კამპანიაში მიესალმებიან საქართველოში მომუშავე ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები. თანასწორობის მოძრაობა დადებითად აფასებს კაპიტნის მხარდამჭერ, გაბედულ ნაბიჯს.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგევლაშვილი გურამ კაშიას წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას გმობს და საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანს მხარდაჭერას უცხადებს.
“ჩემი მხარდაჭერა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანს და არნემის „ვიტესის“ კაპიტანს, გურამ კაშიას. მიუღებელია გურამ კაშიას წინააღმდეგ აგორებული კამპანია.
ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. ვგმობ ძალადობის გამოვლინებას ნებისმიერი ფორმით.
მივესალმები სპორტული საზოგადოების ერთსულოვან მხარდაჭერას გურამ კაშიას მიმართ, ზიზღი და ძალადობა ჩვენი საზოგადოებისთვის უცხოა”, – წერს პრეზიდენტი facebook-ში.
არასამთავრობო ორგანიზაციების უმეტესობა აცხადებს, რომ მსგავსი ჟესტები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ფეხბურთის მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი დაფიქრდეს, უფრო მეტად მნიშვნელოვანი კი ეს საქართველოშია, სადაც ჰომოფობიური განწყობები განსაკუთრებით ძლიერია.
2014 წელს, საქართველომ, რომელიც ევროკავშირისკენ მიისწრაფის, ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო, რაც იშვიათი გამონაკლისია პოსტსაბჭოთა სივრცეში.
თუმცა, მიუხედავად ამისა, ჰომოფობიური განწყობები ქვეყანაში კვლავ პრობლემად რჩება. ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი და ასევე სასულიერო პირები არათუ არ აკრიტიკებენ ჰომოფობიას, არამედ პირიქით, საკუთარი განცხადებებით მხარსაც კი უჭერენ ადამიანს, რომელიც გეების მიმართ ნეგატიურადაა განწყობილი.
კაშიას წინააღმდეგ მწვავე განცხადებებით „ქართული მარშის“ წევრი გია კორკოტაშვილი გამოდის. ის ფეხბურთელს შემდეგი სიტყვებით მიმართავს;
,,გურამ კაშიას! არ მემეტები საძიძგნად ეს ,,შენებიც” მაგრად ცდებიან გონიათ მაგარ საქმეს გიკეთებენ!!! პირიქით ნეხვში მიგაქანებენ! პიდარასტების გვერდზე დადგომა თუ გინდა შენი საქმის შენ იცი! ქართველ კაცს შენ არ იცნობ? შეცდომის აღიარება არაა ,,გრეხი”. მე ესე გირჩევ, დანარჩენი შენ აირჩიე! ფედერაციამ თავისი აირჩია და პირიც მოეკუპრება“, – აცხადებს კორკოტაშვილი.
კაშიას ასევე, ,,ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე აკრიტიკებს, რომელიც არანაკლები აქტიურობით გამოირჩევა, ვიდრე მისი თანამოაზრე გია კორკოტაშვილი.
,,რა თქმა უნდა, თავისთავად მიუღებელია, როდესაც ქართველი, კავკასიელი კაცი „პედერასტების“ დროშის ფერების სამკლაურს გაიკეთებს“, – აცხადებს ბრეგაძე.
კაშიას მედია ჰოლდინგ „ჯორჯია თაიმსის“ დამფუძნებელი მალხაზ გულაშვილიც აკრიტიკებს. მისი აზრით, კაშიას LGBT თემის მხარდამჭერი სამკლაური არ უნდა გაეკეთებინა.
ფეხბურთელის წინააღმდეგ ილაშქრებს „მარშის“ კიდევ ერთი წევრი ლადო სადღობელაშვილი. საქართველოს ფედერაციას კაშიას მხადაჭერის გამო, ჯოჯოხეთის მოწყობას ჰპირდება.
პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილისთვის შოთა ხაბარელისთვის გურამ კაშიას ქმედება მიუღებელია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში ადამიანის უფლებები დაცულია და გურამ კაშიას ქმედება ზედმეტობაა.
“მე მხარს ვუჭერ ადამიანის უფლებებს. ეს უფლებები საქართველოში დაცულია ძალიან კარგად. ეს ჩემთვის მიუღებელია. მე მგონია რომ ეს არის ზედმეტობა. თუ ეს იმიტომ გააკეთა, რომ ემუქრებოდა გუნდიდან გამოგდება, ჩემთვის ეს მიუღებელია “, – განაცხადა შოთა ხაბარელმა.
კაშიას ქმედებას ასევე მსახიობი ლალი ბადურაშვილი და მწერალი რეზო ამაშუკელი აკრიტიკებენ და ქართველისთვის მიუღებელ საქციელად თვლიან.
მსახიობი და ყოფილი დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი კაშიას საქციელს მკაცრად აკრიტიკებს. “ფეხებზე მკიდია “ლგბტ” მხარდაჭერის მიზნით საკმალურის გამკეთებელიც და ამის მომხრეებიც.
ჩვეულებრივი ნორმალური ადამიანი ვარ, თუ ჭკუიდან არ გადამიყვანენ. “ლგბტ” თემის გამო ქვეუყანა ხომ არ უნდა აირ-დაირიოს. ამ თემების პროპაგანდისთვის ფული იხარჯება. შფოთი უნდა მოხდეს, ამიტომ მე ვარ ჩემი ქვეყნის სადარაჯოზე. ფეხებზე მკიდია “ლგბტ” მხარდაჭერის მიზნით სამკლაურის გამკეთებელიც და ამის მომხრეებიც”, – აცხადებს პაპუაშვილი.
საფეხბურთი მინდორზე LGBT პირთა მხარდაჭერით, გურამ კაშია, რა თქმა უნდა გამონაკლისი არ არის. მიმდინარე წელს, ცისარტყელას სამკლაურით წამყვან ევროპულ ჩემპიონატებში უკვე ითამაშეს ისეთმა ვარსკვლავებმა, როგორებიც არიან: „მანჩესტერ იუნაიდეტის“ ესპანელი ნახევარმცველი ხუან მატა, „ჩელსის“ კაპიტანი გარი კეიჰილი, „მანჩესტერ სიტის“ ბრაზილიელი ვარსკვლავი ფერნანდინიო, „ტოტენჰემის“ ფრანგი გოლკიპერი უგო ლორისი, „ლივერპულის“ კაპიტანი ჯორდან ჰენდერსონი და სხვები.
ცისარტყელას სამკლაურითა და თასმებით თამაში ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (UEFA) ორი ახალი კამპანიის Respect-ისა და Captains of Change-ისა ნაწილია. ამ ინიციატივის მიზანი რასიზმთან, სისასტიკესთან, ქსენოფობიასა და ჰომოფობიასთან ბრძოლაა.