თიანეთის მერის არჩევნებთან დაკავშირებით საოლქო კომისიამ შემაჯამებელი ოქმი გამოსცა. ოქმის მიხედვით, ძალაში დარჩა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც არჩევნებში გამარჯვებულად თამაზ მეჭიაური გამოცხადდა.
შეგახსენებთ, სააპელაციო სასამართლომ, მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომლის მიხედვითაც თიანეთის ოლქში მერობის კანდიდატმა თამაზ მეჭიაურმა გაიმარჯვა.
მცხეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას თამაზ მეჭიაურის კონკურენტი, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი ასაჩივრებდა.
მცხეთის სასამართლომ 25 ოქტომბერს გააუქმა თიანეთის მე-19 საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, გაბათილებული ბიულეტენები ხელახლა გადაითვალა. შესაბამისად, ძალაში დარჩა პირვანდელი მდგომარეობა, რომლის მიხედვითაც, თამაზ მეჭიაური თიანეთში არჩევნებს ერთი ხმით იგებს.
ლელა ქიტესაშვილს სააპელაციოში სწორედ ეს გადაწყვეტილება ქონდა გასაჩივრებული. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება.