ჯერ კიდევ ბავშვობაში, საქართველოში ყოველთვის ჩემ მოტყუებას ცდილობდნენ. 90-იანებში, სკოლაში და მის შემდგომ პერიოდში, ძველი ბიჭები ქუჩაში მხვდებოდნენ მეც, მეგობრებს და ჭკუას გვარიგებდნენ. მეუბნებოდნენ, გრძელი თმები ცუდია, რომ ეს „პიდარასტობას“ ნიშნავს და უნდა შევიჭრა. მახსოვს, მამაჩემთანაც კამათი მომივიდა, თუმცა, რაღაც პერიოდის შემდეგ ის მიხვდა, რომ სხვა თაობა მოდიოდა. დაველაპარაკე, ავუხსენი, რომ ეს ჩემი ცხოვრება იყო, რომ მე სხვანაირად ფიქრი და აზროვნება მინდოდა, რომ ჩემთვის თავისუფლება მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი ტექსტი არ იყო და მინდოდა ის მთელი სულითა და გულით შემეგრძნო. მამაჩემმა გამიგო. ოზი ოზბორნის და რობერტ პლანტის მუსიკაში ვერ ამყვა, მაგრამ მაინც გამიგო.
ძველი ბიჭები კი მაინც არ მასვენებდნენ, მხვდებოდნენ ქუჩაში და სულში მაფურთხებდნენ. მახსოვს, მაშინ სიმღერაც დავწერე – „აქ ებრძვიან ცას, აქ ებრძვიან წყალს, გატყუებენ ბავშვს, გიკეტავენ კარს…“ – ვმღეროდი ხმამაღლა და არ მეშინოდა. მინდოდა ცხოვრება ისე, როგორც მინდოდა.
სად არიან ახლა ჩემი „ქუჩის მასწავლებლები“, ჭკუის დამრიგებლები, გაქრნენ? რატომ აღარ აპროტესტებენ ისინი გრძელ თმებს? რატომ არ აწყობენ დღეს აქციებს და რატომ არ ამბობენ, რომ გრძელი თმები „აპიდარასტებს“? ეს პერიოდი უკვე გადავიარეთ. საზოგადოებისთვის გრძელი თმა პრობლემა აღარაა. ახლა ფერადი სამკლაურების გაპროტესტებაა მოდაში. დღეს უკვე ლგბტ თემის მხარდაჭერა „აპიდარასტებს“.
გააპროტესტეთ გრძელი თმები, რატომ არ აპროტესტებთ? რატომ აღარ ხვდებით ქუჩაში გრძელთმიანებს? ან იქნებ თქვენმა შვილებმაც მოუშვეს უკვე და დასავლეთის, ცივილიზებული სამყაროს ლანძღვა-გინების პარალელურად, ჰარვარდშიც გაუშვით სასწავლებლად? ასეთებიც ბევრია. გვარებს და სახელებს არ ჩამოვწერ… მაგრამ რაღაც, ჩუმად ხართ… გრძელი თმები აღარ „აპიდარასტებს“?
სიბნელე არ სრულდება ამ ქვეყანაში. ბნელ გვირაბში ჩარჩენილები ვერ ხვდებიან, რომ წყალს ნაყავენ. ვერ ხვდებიან, რომ გრძელი თმების დარად, ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი დასრულდება. ვერ ხვდებიან, რომ დღეს, მშობლებს და შვილებს ერთმანეთთან აპირისპირებენ, რომ თავად არიან სიბნელის პროპაგანდისტები და წამლავენ ბავშვებს, ახალ თაობას, რომლებიც სულ სხვა ცივილიზებულ ღირებულებებზე იზრდებიან. ვერ ხვდებიან, რომ გრძელი თმებით, თავად ქრისტე იყო თავისუფლების სიმბოლო, რომ თავად ქრისტე იყო სეკულარიზმის პირველი მიმდევარი როცა თქვა – „მიეცით კეისარს კეისრის“. სეკულარიზმი ვახსენე და უნდა ვთქვა, ბნელი გვირაბის მკვიდრნი დღეს ისეთ სასულიერო პირებს იყენებენ გვერდით, რომლებიც ჯოჯოხეთში ამწესებენ ადამიანებს, ერთ-ერთმა ეპისკოპოსმა პირდაპირ თქვა, რომ კახი კალაძე უკვე ჯოჯოხეთშია. როგორც ჩანს, ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, სხვებივით თანასწორები. როგორც ჩანს, ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ისინიც ჩვენსავით მომაკვდავები არიან და არ აქვთ უფლება სხვებს განუსაზღვრონ ბედი, იწინასწარმეტყველონ მათი მომავალი და დაუსვან დიაგნოზი მათ რწმენას. იყო სასულიერო პირი, არ ნიშნავს ხარ ხალხის სულიერი სამყაროს მბრძანებელი, მისი მოსამართლე და სასუფეველში გზის გამკვალავი.
მე ვარ მართლმადიდებელი, მე ვარ ჰეტერო, ვიღებ ქვას ხის ძირთან, ვახსენებ ქრისტეს და ვარ გურამ კაშიას მეგობარი, მე ვიკეთებ ჭრელ სამკლაურს, ვაჩვენებ მას ჩემ შვილებს და ვუხსნი, რომ არ მინდა ძალადობა, არ ვიხედები სხვის, თუგინდ გარყვნილ სულში და ეს არის უბრალო პროტესტი დაჩაგრულების მხარდასაჭერად. მე ვუხსნი მათ, რომ ჩემი სამკლაური არის პროტესტი და არა პროპაგანდა, რომელიც ვერ იმოქმედებს ვერავის ერექციაზე, რომ თუგინდ იდეოლოგიის პროპაგანდა ვერანაირად ვერ იტრანსფორმირებს ადამიანის ანატომიაზე. ჩემი საწოლია მხოლოდ ჩემი ცხოვრება და ჩემი თავისუფლება. სხვისი საწოლი სად იწყება და სად სრულდება არ მაინტერესებს.
გადავწყვიტე, როგორც გაზეთის რედაქტორმა, ბნელი სამყარო არ გავაპიარო, ფაშიზმს და ჰომოფობიას არ გავუწიო პროპაგანდა რადგან ის წამლავს. იმედი მაქვს კოლეგებიც მალე შემომიერთდებიან, რადგან ჩემი ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობამ უკვე გააკეთა არჩევანი. მათ დასავლეთს და ცივილიზებული სამყაროსკენ სვლას მისცეს ხმა და ამ არჩევანს პატივს ვცემ. არის ერთი მცირე ნიუანსი, რომელიც დისკომფორტს მიქმნის. როგორც ჟურნალისტი, როგორც თავის დროზე „ჟურნალისტური ეთიკის კოდექსის“ ერთ-ერთი თანაავტორი, ვალდებული ვარ ყველა სახის ინფორმაცია მივაწოდო საზოგადოებას, რომელიც მას აინტერესებს, ასეც გავაკეთებ, მაგრამ არის მცირე გამონაკლისი – სახელმწიფოებრივ ინტერესებს ყველაფერზე მაღლა ვაყენებ, ჩემი ქვეყნის არჩევანი და მომავალი თუ დევს სასწორის ერთ პინაზე, მეორე მხარეს ვერ დავდებ სიბნელეს, თუგინდ, საზოგადოების ნაწილის ინტერესები დაკმაყოფილების ხარჯზე, რადგან ეს ბნელი გვირაბი უკვე გავიარე, სინათლე უკვე გამოჩნდა და აპრიორი ჩემი ქვეყნის კონსტიტუცია, სამოქალაქო წესრიგი და მომავალია.
გენო ჯოხიძე