გუშინ, ფეხბურთის ფედერაციასთან გამართულ აქციაზე დაკავებული 6-ვე პირი ნაცემია, – ამის შესახებ მათი ადვოკატი ცირა ჯავახიშვილი “ინტერპრესნიუსთან” აცხადებს.
მისი თქმით, დაკავებულებიდან ორს, ლადო სადღობელაშვილს და გიორგი ჭელიძეს განსაკუთრებით აღენიშნებათ დაზიანებები. ცირა ჯავახიშვილი ამბობს, რომ ისინი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩებიან.
ადვოკატის თქმით, სასამართლო მათ ადმინისტრაციულ საქმეზე დღეს იმსჯელებს. მისივე განცხადებით, ყველა დაზიანება შესაბამის ოქმებშია დაფიქსირებული.
საპატრულო პოლიციამ გუშინ ფეხბურთის ფედერაციასთან გამართულ აქციაზე 6 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა. პოლიცია დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება.