ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის კვლევა საქართველოში ბოშების სამართლებრივ მდგომარეობას ეხება. როგორც წესი, ბოშებს ისეთი საჭირო დოკუმენტაციის აღებაც კი უძნელდებათ, როგორიც დაბადების მოწმობა და ID ბარათია.
ამის შესახებ ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.
კვლევის თანახმად, დოკუმენტაციის მოწესრიგების პრობლემა უმეტესად ზრდასრულ ბოშებს აქვთ.
ფონდის წარმომადენლების ინფორმაციით, ბოშათა უმეტესობას სურს, რომ პირადობის მოწმობა ჰქონდეს. მათ იციან, რომ მხოლოდ საჭირო დოკუმენტაციით შეძლებენ სოციალური დახმარების, პენსიისა და ჯანდაცვის უფასო სერვისების მიღებას.
როგორც კვლევაშია ნათქვამი, ბოშები ID ბარათის აღებას ვერ ახერხებენ. ამის ერთ-ერთი მიზეზი ენობრივი ბარიერი და საჯარო მოხელეების არაინფორმირებულობაა.
პროექტის კოორდინატორი სალომე მეზურნიშვილ აცხადებს, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და იუსტიციის სახლი არაა დაკომპლექტებული სათანადოდ ინფორმებული და დატრენინგებული ადამიანებით, ვინც ბოშებთან მუშაობას შეძლებს.
ფონდის რეკომენდაციებია: იუსტიციის სახლში შეიქმნას სპეციალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ყველა ბოშას ექნება შესაძლებლობა, რომ უფასოდ მიიღოს პირადობის მოწმობა;
დაიგეგმოს ტრენინგი იუსტიციის სახლში მომუშავე თანამშრომლებისთვის; სერვისებზე ხელმისაწვდომობის მიზნით, მოხდეს ისეთი კადრების შერჩევა, რომლებმაც იციან რუსული ენა და რომლებიც შეძლებენ ბოშებისთვის სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას;
სამოქალაქო სექტორი და სახელმწიფო მუდმივად უნდა თანამშრომლობდეს ბოშათა პრობლემების მოგვარების პროცესში; შეიქმნას სპეციალური მობილური ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ბოშათა რეალური რაოდენობის დადგენაზე და ა.შ.