საფეხბურთო კლუბ თბილისის “ლოკომოტივის” ტექნიკური დირექტორი, გიორგი ყიფიანი გურამ კაშიასადმი საზოგადოების კრიტიკას გადაცემა “ხალხის პოლიტიკაში” გამოეხმაურა.
მან მხარდაჭერა გამოუცხადა კაშიას და აღნიშნა, რომ გურამმა სწორი გზა აირჩია და საზოგადოების მხრიდან მისდამი უარყოფითი გამოხმაურების შემდეგაც ძალიან ლოგიკური განცხადება გააკეთა:
“ვამაყობ, რომ გურამ კაშია არის ჩვენი ქვეყნის ვიცე-კაპიტანი. მე მოვიქცეოდი ისე ზუსტად, როგორც მოიქცა გურამ კაშია და რატომ? მან მხარი დაუჭირა ადამიანების ანტიდისკრიმინაციას და ეს არის ძალიან ადეკვატური მოვლენა. ვფიქრობ, გურამმა აირჩია ძალიან სწორი გზა და მერე მისი შეფასებებიც იყო ძალიან ლოგიკური. ამიტომ მე მხარს ვუჭერ გურამ კაშიას,” – განაცხადა გიორგი ყიფიანმა.
შეგახსენებთ, გურამ კაშიამ ჰოლანდიაში, ერთ-ერთ მატჩზე, სხვა გუნდების კაპიტნებთან ერთად, ლგბტ სამკლაური გაიკეთა, რომლითაც ძალადობა გააპროტესტა. მის ამ საქციელს საქართველოში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. მან კი საპასუხო განცხადება გააკეთა:
“მე მხარს ვუჭერ ადამიანის თავისუფლებას და წინააღმდეგი ვარ ძალადობის. მხარს ვუჭერ ადამიანს, რადგანაც ის არაფერს საზიანოს არ აკეთებს სხვების მიმართ. ეს არის ჩემი ხედვა. ჩემს ქვეყანაში რთულია აუხსნა ეს, რადგან ზოგიერთი ადამიანი ვერ იგებს, განსაკუთრებით, ფეხბურთის გულშემატკივრები. რამდენიმე ადამიანმა ღიად გამოხატა [კრიტიკა] ჩემი ფეისბუკის გვერდზე და არ ვაპირებ ყურადღება მივაქციო მათ. არ ვნანობ, რაც გავაკეთე. ეს, რა თქმა უნდა, ჩემი პასუხისმგებლობაა. მე არ მაღელვებს, ვინ ხარ, რას აკეთებ შენს ცხოვრებაში, რამდენადაც სხვისთვის ზიანი არ მოგაქვს. იყავი ის, ვინც ხარ.”