ახალი ამბები მთავარი სამართალი

ნუცუბიძეზე დაკავებისას გარდაცვლილის ოჯახმა და ადვოკატმა პატრულის სამკერდე კამერების ვიდეოჩანაწერები ნახეს

ნუცუბიძის ფერდობზე დაკავებისას გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის ოჯახის წევრებმა და ადვოკატმა პატრულის სამკერდე კამერების ვიდეოჩანაწერები ნახეს. როგორც ოჯახის ადვოკატი, ლევან ვეფხვაძე აცხადებს, კადრებში არ ჩანს პავლიაშვილის დაკავებისა და ცუდად გახდომის მომენტები.

„პროკურატურამ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა, მოგვცა საშუალება, რომ საქმის მასალებს სრულად გავცნობოდით, მათ შორის რა მტკიცებულებებიც აქვს ამ ეტაპზე პროკურატურას მოპოვებული. გავეცანით ასევე ვიდეომასალას, რომელიც ამოღებულია როგორც პატრულის მიერ გადაღებული, ასევე ერთ-ერთი კამერა არსებობს ადგილზე, რომლის კადრებიც იქნა ამოღებული. კადრები იწყება, რომ ეს ადამიანი არის ძირს დამჯდარი და მის მიმართ ხდება წყლის დასხმა და ა.შ. იმ კადრებში ზოგი იძახის, რომ გონს მოვიდაო, გადაჰყავთ და ძირს აწვენენ,“- განაცხადა ადვოკატმა, ლევან ვეფხვაძემ.

ადვოკატის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ მათ პრეტენზია აქვთ, თუ რატომ არ არის გადაღებული პავლიაშვილის დაკავებისა და შეუძლოდ გახდომის კადრები.

“შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გვაქვს პრეტენზია, როდესაც ხდებოდა დაკავება, დაკავების კადრი, რაც უნდა გადაეღოთ, მით უმეტეს ცუდად გახდომის, მაშინ რატომ არ მოხდა გადაღება,“- აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

შეგახსენებთ, პროკურატურის გუშინდელი განცხადების თანახმად, შსს-დან ამოღებული ჩანაწერების დათვალიერების შედეგად დგინდება, რომ პატრულ-ინსპექტორის სამხრე კამერებზე დაფიქსირებული არ არის მომხდარი ინციდენტი და დაკავების პროცესი.

პროკურატურის ამ განცხადებაზე კომენტარი გააკეთა შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა. მისი თქმით, სამხრე კამერების ჩანაწერები არსებობს და იმის თქმა, რომ ჩანაწერი არ არის, ტყუილია.

დღესვე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნუცუბიძის პლატოზე მომხდარი ფაქტის ამსახველ ჩანაწერთან დაკავშირებით დამატებითი განცხადება გაავრცელა. როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, ფაქტის ამსახველი სრული ჩანაწერი არ არსებობს, ხოლო ფრაგმენტული ჩანაწერი გამოძიებას მიეწოდა.

მათივე ცნობით, საკითხთან დაკავშირებით არანაირი წინააღმდეგობა პროკურატურის განცხადებასა და შს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის დღევანდელ კომენტარს შორის არ არსებობს.

იტვირთბა....