მთავარი პროკურორის მოადგილის, გიორგი გოგაძის განცხადებით, ნუცუბიძის პლატოზე მოქალაქის გარდაცვალებაში მონაწილე პატრულ-ინსპექტორების სამხრე კამერებს ექსპერტიზა ჩაუტარდება. ამის შესახბე მან ჟურნალისტებს განუცხადა.
”ამოვიღეთ ვიდეოჩანაწერები, ამოვიღეთ ის ელექტრომოწყობილობები, რომლებზეც ეს ვიდეოჩანაწერებია დაფიქსირებული და დათვალიერდა. დათვალიერების შედეგად, ჩვენ განვაცხადეთ, რომ ამ ვიდეოებზე არის ასახული მხოლოდ ცუდად გახდომის შემდგომი პერიოდი და დაკავების პროცესი არ არის ასახული. დანიშნულია ექსპერტიზები და დაადგენს, თუ არის რაიმე მანიპულაციები მომხდარი ჩამწერ ელექტრონულ მოწყობილობებზე”, – განახცადა გოგაძემ.
შეგახსენებთ, პროკურატურის გუშინდელი განცხადების თანახმად, შსს-დან ამოღებული ჩანაწერების დათვალიერების შედეგად დგინდება, რომ პატრულ-ინსპექტორის სამხრე კამერებზე დაფიქსირებული არ არის მომხდარი ინციდენტი და დაკავების პროცესი.
პროკურატურის ამ განცხადებაზე კომენტარი გააკეთა შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა. მისი თქმით, სამხრე კამერების ჩანაწერები არსებობს და იმის თქმა, რომ ჩანაწერი არ არის, ტყუილია.
დღესვე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნუცუბიძის პლატოზე მომხდარი ფაქტის ამსახველ ჩანაწერთან დაკავშირებით დამატებითი განცხადება გაავრცელა. როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, ფაქტის ამსახველი სრული ჩანაწერი არ არსებობს, ხოლო ფრაგმენტული ჩანაწერი გამოძიებას მიეწოდა.
მათივე ცნობით, საკითხთან დაკავშირებით არანაირი წინააღმდეგობა პროკურატურის განცხადებასა და შს მინისტრის მოადგილის , შალვა ხუციშვილის დღევანდელ კომენტარს შორის არ არსებობს.