თიანეთის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” ლელა ქიტესაშვილი 4 უბანზე არჩევნების განმეორებით ჩატარებას ითხოვს. მისი თქმით, თიანეთის მე-2, მე-13, მე-15 და მე-19 უბნებიდან 6 ბიულეტენი დაიკარგა ან მოიპარეს. ქიტესაშვილის განცხადებით, მართალია მან სააპელაციო სასამართლოს შედეგი მიიღო, მაგრამ ახალი სამართალდარღვევა ფიქსირდება. მისი თქმით, სწორედ ეს დაკარგული ბიულეტენები შეიძლება იყოს ის ხმები, რომლებიც მის გამარჯვებას უზრუნვეყოფდა.
„მე მივიღე სააპელაციო სასამართლოს შედეგი, მაგრამ ახალი, უხეში სამართალდარღვევა ფიქსირდება. მე მაქვს თიანეთის ოთხი საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმი, სადაც აშკარად ჩანს, რომ დაკარგულია ან მოპარულია 6 ბიულეტენი. ნებისმიერი საარჩევნო უბნის შედეგების დათვლისას ნამდვილი ბიულეტენებისა და ბათილი ბიულეტენების ჯამი უნდა ემთხვეოდეს არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლის რაოდენობას.
ჩვენ გვაქვს დისბალანსი, 2 უბანზე თითო ბიულეტენია დაკარგული და 2 უბანზე – ორ-ორი… მე მაქვს განცდა, რომ ეს ბიულეტენები იყო ჩემს სასარგებლოდ და გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა. ამიტომაც ვითხოვ ამ 4 უბანზე არჩევნების განმეორებით ჩატარებას“, – განაცხადა ლელა ქიტესაშვილმა.
ორი დღის წინ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, თიანეთის მერი კვლავ თამაზ მეჭიაურია. სააპელაციო სასამართლომ, მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომლის მიხედვითაც თიანეთის ოლქში მერობის კანდიდატმა თამაზ მეჭიაურმა გაიმარჯვა.
მცხეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას თამაზ მეჭიაურის კონკურენტი, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი ასაჩივრებდა.
შეგახსენებთ, რომ მცხეთის სასამართლომ 25 ოქტომბერს გააუქმა თიანეთის მე-19 საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, გაბათილებული ბიულეტენები ხელახლა გადაითვალა. შესაბამისად, ძალაში დარჩა პირვანდელი მდგომარეობა, რომლის მიხედვითაც, თამაზ მეჭიაური თიანეთში არჩევნებს ერთი ხმით იგებს.
ლელა ქიტესაშვილს სააპელაციოში სწორედ ეს გადაწყვეტილება ქონდა გასაჩივრებული. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება.