ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პროფკავშირები: უნდა დაჩქარდეს ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნა

რაისა ლიპარტელიანი გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ სასწრაფოდ უნდა შეიქმნას ქმედითი შრომის ინსპექცია.

მისი თქმით, 2015 წელს ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილი ინსპექტირების დეპარტამენტი უფუნქციოა და სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების პრევენცია არ შეუძლია. შესაბამისად, შეუძლებელია მომხდარ ფაქტებზე სწრაფი რეაგირებაც.

“გუშინ მომხდარ შემთხვევაზე იკვეთება სხვადასხვა ვარიანტები, რამდენად იყო თვითონ გარდაცვლილი მუშის ბრალეულობა, ასევე არსებობს საპირისპირო ვერსიები. ჩვენი წარმომადგენლები იქ არიან და კონკრეტული პასუხი მოკვლევის შემდეგ გვექნება. ასეთ საქმეებთან მიმართებაში გამოძიება ჭიანურდება და რაც შეიძლება უნდა დაჩქარდეს ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნა, რომელიც უკვე წლებია იდეის დონეზე რჩება. ერთხელ მოხდა საპარლამენტო განხილვა, არსებობს საკანონმდებლო პროექტი თუმცა ჯერჯერობით ისევ ჭიანურდება მისი მიღება. ვთხოვთ მთავრობას, რომ დააჩქაროს ეს პროცესი და მიმდინარე სესიებზე უზრუნველყოს აღნიშნული კანონის მიღება და მყისიერად ამოქმედება”,- განაცხადა ლიპარტელიანმა.

პროფკავშირებში ასევე აცხადებენ, რომ საწარმოს ადმინისტრაცია მუშის ბრალეულობაზე აპელირებს.

“ჩვენი ინფორმაციით მიწისქვეშა სამთო მოპოვებითი საქმიანობის დროს მოხდა მიწის ჩამოშლა, თუმცა თვითონ ეს ჩამოშლა რატომ მოხდა გამოძიებაა დაწყებული. როგორც წესი, ასეთი ტიპის შემთხვევების დროს დამსაქმებელი ყოველთვის ცდილობს პასუხისმგებლობა გადაიტანოს მუშაზე. თუმცა, თუ წინა მსგავსს შემთხვევებს განვიხილავთ, უმეტეს შემთხვევებში იკვეთება არა მუშაკის ბრალეულობა, არამედ ადმინისტრაციის, რომელმაც არ მიიღო შესაბამისი ზომები შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დასაცავად”,- აღნიშნა ლიპარტელიანმა და დასძინა, რომ ადგილზე შრომის პირობების გასაუმჯობესებლად არაერთი რეკომენდაცია გაიცა, თუმცა დამსაქმებელი მათ არ ითვალისწინებს.

“სწორედ ამიტომ არის შრომის ინსპექციის შექმნა აუცილებელი, რადგან შენიშვნები იყოს არა სარეკომენდაციო ხასიათის, არამედ სავალდებულო. ხოლო დარღვევაში შემთხვევაში დაწესდეს სანქციები, მათ შორის საწარმოს ფუნქციონირების შეჩერებაც. დაშავებისა და დაღუპულების სტატისტიკა მზარდია. ეს იმაზე მიუთითებს რომ ქვეყანაში არსებული მექანიზმები არაეფექტურია და ასე გაგრძელება რეალურ შედეგება ვერ მოგვცემს.წინა შემთხვევებზე გამოძიების საბოლოო შედეგები არ არსებობს, მხოლოდ 10 000 ლარიანი კომპენსაციები გაიცა ოჯახებზე და მათ სასამართლოში დავის გაგრძელება აღარ მოისურვეს”,- აღნიშნავს
პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე.

შეგახსენებთ, რომ ტყიბულის შახტაში ტყიბულში 27 ოქტომბერს ერთი დაიღუპა. წინასწარი ვერსიით, უბედური შემთხვევის მიზეზი სამთო მასის ჩამოშლა გახდა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

იტვირთბა....