ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება კატალონიის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის მზადაა.
ამის შესახებ ცხინვალის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა.
„ცოტა ხნის წინ დავბრუნდი ბარსელონადან, სადაც წარმომადგენლობა გავხსენით. სამხრეთ ოსეთი კატალონიის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს გადახედავს, თუკი კატალონიიდან ოფიციალური მიმართვა იქნება,“- აღნიშნა მედოევმა.
კატალონიის მხრიდან დამოუკიდებლობის გამოცხადებას ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროც ეხმიანება. გუშინ, დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კან ტანიამ განაცხადა, რომ რეგიონი კატალონიის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს განიხილავს, როდესაც შესაბამისი მიმართვა გავრცელდება.
შეგახსენებთ, რომ კატალონიის პარლამენტმა გუშინ ესპანეთისგან გამოყოფა და დამოუკიდებლობა ოფიციალურად გამოაცხადა, რის შემდეგაც მადრიდმა კონსტიტუციის 155-ე კანონი აამოქმედა და კატალონიის ავტონომია გააუქმა.