თბილისის საქალაქო სასამართლოში “დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს” წევრების სარჩელის განხილვა გრძელდება. საქმე ეხება ისნისა და გლდანის ოლქს, სადაც კონკრეტულ უბნებზე, პარტიის ლიდერები ხმების ხელახლა გადათვლას ითხოვენ.
“ჩვენ ხმების გადათვლას ვითხოვთ მთელ საქართველოში და მათ შორის, აქ. რამოდენიმე უბანზე 22 ოქტომბერს გადაითვალა ხმები, აღმოჩნდა რომ ისანში, ერთ-ერთ კონკრეტულ უბანზე მოპარული იყო 50 ხმა, კასპში მოპარული იყო 40 ხმა, საშუალოდ, უბანზე – 45 ხმა. ეს გამოდის არა 1 და 2 პროცენტი. ხმები მოპარულია ბიძინა ივანიშვილის განკარგულებით 8-დან 10%-მდე და ჩვენ ვითხოვთ მათ გადათვლას. კონკრეტულად გლდანის საარჩევნო ოლქში მითითებული გვაქვს კონკრეტული უბნები. ეს არის უბნები სადაც უამრავი ადამიანი აძლევს ჩვენებას რომ შემოხაზა ჩვენი ბლოკი”, – აცხადებს კახა კუკავა.
მისივე თქმით, გაყალბების მთავარი მიზანი “ქართული ოცნების” კანდიდატის კახა კალაძის პირველივე ტურში გამარჯვება იყო.
შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატი და 64 მერი პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩიეს.