გორის რაიონულ სასამართლოში, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის შვილის, ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმის განხილვა პირველ ნოემბერს გაგრძელდება. პროცესზე დღეს დაღუპულის ძმას, გიორგი ხახუბიას მოუსმინეს, რომელიც ბექა ხახუბიას გარდაცვალებაში, საპატრულო ეკიპაჟის თანამშრომლებს ადანაშაულებს.
შეგახსენებთ, საპატრულო პოლიციის მიერ გზის გადაკეტვის დროს დაღუპული ხახუბიას საქმეზე, ასევე დაიკითხნენ პატრულის თანამშრომლებიც. მათი უფლებადამცველი სამხრე კამერებით გადაღებული ფირების დეტალურ ექსპერტიზას მოითხოვს.
საპატრულო თანამშრომლების უფლებადამცველს ასევე, სურს იმის დადგენა, იყო თუ არა ხახუბია ნასვამ მდგომარებაში გარდაცვალებმდე რამდენიმე საათით ადრე და გაათავისუფლეს თუ არა ის გავლენიანი პირების ჩარევის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ გორის გვირაბთან მომხდარი ავარიის დროს დაღუპული ბექა ხახუბიას საქმეზე, საპატრულო პოლიციის შიდა ქართლის სამმართველოს სამ თანამშრომელს ბრალი წარუდგინა.
გამოძიება საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე და 116-ე მუხლების დარღვევას ედავება, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
სამივე პირი სასამართლოდან 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. მათ პოლიციელის უფლებამოსილება შეუჩერდათ.
17 მაისს, გამთენიისას გორის გვირაბთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას ვაჟი, 21 წლის ბექა ხახუბია დაიღუპა.
გავრცელებული ცნობით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავ მანქანას გორის გვირაბთან პოლიციელებმა გზა ტრაილერით ჩაუხერგეს, რის შედეგადაც მძღოლი ტრაილერს შეასკდა და გარდაიცვალა.
აღნიშნულ საქმეზე, შსს-მ შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვა.