“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა კოტე იოსელიანმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ნუცუბიძის ქუჩაზე მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი შეაფასა. მან მომხდარი შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის პასუხისმგებლობის ქვეშ დააყენა.
“პოლიცია – ეს არ არის ერთი მუდმივი მოცემულობა. პოლიცია არის ორგანო, რომელსაც სჭირდება მუდმივი დახვეწა და განვითარება და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ღონისძიებები. სამწუხაროდ, “ქართულ ოცნებას” ეს არ აქვს გათვითცნობიერებული და მას პოლიცია ჰგონია ორგანო, რომელიც უნდა ემსახურებოდეს პარტიის ინტერესებს და ჩვენ მრავალი ფაქტი გავქვს ასეთი. “ქართულმა ოცნებამ” პოლიცია აქცია დადეპორტებული ქურდების სატრანზიტო სამსახურად თბილისის აეროპორტიდან სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტამდე. ჩვენ ვიცით უამრავი საქმე, სადაც პოლიცია ვერ ართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობას.
გუშინდელი ამბავი არის აშკარა გამოვლინება იმისა, რომ ჩვენ პოლიციას კრიტიკულ მომენტებში შესაბამისი რეაგირების კვალიფიკაცია არ აქვს. ეს არის მთლიანად სამინისტროს ხელძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხი. კერძოდ, მინისტრის პასუხიმგებლობის საკითხი, რომელიც პოლიტიკურ იარაღად იყენებს პოლიციას. როდესაც დემორალიზება ხდება პოლიციის მაღალი ეშელონიდან. რიგით პოლიციელს რაღა უნდა მოვთხოვოთ. გუშინ პოლიციელი გაცდა ყველანაირ დასაშვებ ზღვარს. მღებრიშვილის პასუხიმგებლობაა ის, რომ პოლიცია არ უნდა იყოს პოლიტიზირებული და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებული.” – განაცხადა იოსელიანმა.
შეგახსენებთ, რომ წუხელ, ნუცუბიძის მე-4 პლატოზე ინციდენტი მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მამაკაცი იგინებოდა და ორმა პოლიციელმა მისი დაკავება სცადა. მანამდე კონფლიქტი მოხდა მასსა და მის მეზობელს შორის და როგორც ჩანს, დაღუპული მეზობელზე იყო გაღიზიანებული. დაკავებისას, ხელის გადაგრეხვის დროს, მოქალაქე უცებ წაიქცა და რამდენიმე ხანში გარდაიცვალა.