“საზმაუ საკუთარი ბიუჯეტის 1%-ს მაკა ცინცაძის უცნობი გადაცემის სტუდიურ განათებაზე ხარჯავს”- ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:
“რა იყო, პრომეთე ჰყავთ დაბმული სტუდიაში საღვთო ცეცხლის ჩირაღდნით?”-წერს გვარამია.
საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც საქართველოს ბიუჯეტიდან ფინანსდება, ყოფილი პრემიერის – ბიძინა ივანიშვილის შვილის – ბერა ივანიშვილის კომპანიას ორი სხვადასხვა ტენდერის გზით 372 011 ლარს უხდის.
23 ოქტომბერს დასრულებული ტენდერის მიხედვით, ბერა ივანიშვილის კომპანიისგან საზოგადოებრივი მაუწყებელი 346 098 ლარად იქირავებს განათებას. მაუწყებელს განათება გადაცემისთვის “აქტუალური თემა 1 არხზე მაკა ცინცაძესთან ერთად” სჭირდება.
მაკა ცინცაძე საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობამდე, GDS-ის წამყვანი იყო, რომელიც ივანიშვილის საკუთრებაა. ივანიშვილის გადაცემა 20/30-ის ყოფილმა პროდიუსერმა ვასილ მაღლაფერიძემ, მას შემდეგ რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გახდა, ცინცაძე GDS-ის სხვა 30 ჟურნალისტთან ერთად დაასაქმა.
საზოგადოებრივი მაუწყებელი ცინცაძის გადაცემისთვის განათებას 9 თვით იქირავებს, ტენდერი ბერა ივანიშვილის კომპანია “სილქ ფაქტორი სტუდიომ” მოიგო და ახლა მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება.
სრულად: “ნეტგაზეთი”