ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეს მხოლოდ დასაწყისია”: ჯოზეფ სმიტი საბურთალოს ოლქში მესამე ადგილზე გავიდა

ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი, რომელიც დამოუკიდებელ კანდიდატად დარეგისტრირდა საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში, მესამე ადგილზე გავიდა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ჯოზეფს საბურთალოს მესამე ოლქში ამომრჩევლის 14.04%-მა დაუჭირა მხარი, რაც 2702 ადამიანს ნიშნავს.

ჯოზეფი მადლობას უხდის ყველა მხარდამჭერს, მოხალისეს და მეგობარს გვერდში დგომისთვის, ასევე, ყველა ამომრჩეველს მათი ხმებისთვის. ის დავით ურთმელიძეს გამარჯვებას ულოცავს და წარმატებას უსურვებს. სმიტი ფიქრობს, რომ მან და მისმა მეგობრებმა სერიოზული შედეგი დადეს.

როგორც საქართველოში მცხოვრები ბრიტანელი ჟურნალისტი აცხადებს, მესამე ადგილი სულაც არ არის სამარცხვინო შედეგი იმის გათვალისწინებით, რომ 2 თვის წინ თითქმის უცნობი სახე იყო, ხოლო ფინანსური რესურსი ძალზე მწირი ჰქონდა – სულ 1800 ლარი სექტემბერში.

“ვერ დავიმსახურე საბურთალოს მაჟორიტარობა, თუმცა ვფიქრობ, რომ მართლა დავიმსახურე ადგილი მუნიციპალურ პოლიტიკაში და ეს მხოლოდ დასაწყისია. ბატონ დავითს ვულოცავ გამარჯვებას და ვუსურვებ წარმატებას. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ახალი ბებიები, ბაბუები, ძმები, დეიდები, ბიძაშვილები და მეგობრები შევიძინე. მიმიღეს მათ ოჯახებში, პირადად გამაცნეს მათი პრობლემები და ვფიქრობ, საფუძველი ჩავუყარეთ ერთობლივ მუშაობას ამ პრობლემების მოსაგვარებლად. არ გავექცევი საბურთალოს – დღესვე შევუდგები ჩვენს გარემოზე ზრუნვის საქმეს – საარჩევნო პოსტერების მოხსნით – და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი წინ გვაქვს,” – აცხადებს ჯოზეფი.

ჯოზეფ ალექსანდერ სმიტმა გაუსწრო: ევროპული საქართველოს, ბურჯანაძე-კუკავას, პატრიოტთა ალიანსის და ლეიბორისტების მიერ წარდგენილ კანდიდატებს.

წყარო: “ნეტგაზეთი”.

იტვირთბა....