არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ხმები მილიარდერი ივანიშვილისგან”: ნიკა მელია ოპოზიციას ხმების დაცვისთვის გაერთიანებისკენ მოუწოდებს

„ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციას ხმების დაცვაში ერთად დგომისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე “ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა არჩევნების გაყალბებისთვის, თუმცა ყველა ეს მცდელობა წარუმატებელი გამოდგა საარჩევნო მარათონის პირველ ტურში დასრულებისთვის.

„ცოტა ხანში იწყება არჩევნების პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, როდესაც ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ხმები მილიარდერი ივანიშვილისგან. ხელისუფლებამ წარმოუდგენელი მასშტაბის „კარუსელი“ დაატრიალა ქვეყნის მასშტაბით, იყო წარმოუდგენელი მასშტაბის შანტაჟი, მუქარა, მოსყიდვა. პირდაპირ ძალდატანებით გამოჰყავდათ ამომრჩევლები და პირდაპირ საარჩევნო უბნებზე უხდიდნენ ფულს, აფრიალებდნენ ივანიშვილის მიერ გამოყოფილ ფულს. მიუხედავად ამისა, „ქართულ ოცნებას“ არ ჰყოფნის ეს ყველაფერი იმისთვის, რომ საარჩევნო მარათონი პირველ ტურში დაამთავროს. მინდა მივმართო ყველა ოპოზიციურ პარტიას, მათ დამკვირვებლებს, კომისიის წევრებს, წარმომადგენლებს საარჩევნო უბნებზე. ნახევარ საათში მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი იწყება, ყველა უნდა გავერთიანდეთ და დავიცვათ ხმები. წარმოუდგენელია თბილისში, კახი კალაძემ გამარჯვებას მიაღწიოს პირველ ტურში, მიუხედავად იმისა, რა მასშტაბის ფალსიფიკაციას და გაყალბებას ჰქონდა ადგილი. ჩვენზე არის ახლა დამოკიდებული ძალიან ბევრი. ამ ქვეყანაში სტაბილიზაციის პროცესის შენარჩუნება არის ყველა ოპოზიციურ პარტიაზე დამოკიდებული. აქ საკითხი არ დგას ვინმეს გამარჯვებაზე, აქ საკითხი დგას რამდენად დაისადგურებს ქვეყანაში სიმშვიდე. არავინ შეეგუება თვალში ნაცრის შეყრას, არ შეეგუება ფალსიფიკაციას და გაყალბებას“, – განაცხადა მელიამ.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. ხმის მიცემა 8 საათზე შეწყდება.

იტვირთბა....