გურიაში ამომრჩევლისთვის ფულის გადაცემის სავარაუდო შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “პირველი” თანდართული ვიდეოთი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, ინციდენტი ჩოხატაურის რაიონის სოფელ სამებაში მოხდა. ფულს საარჩევნო უბნის წინ ამომრჩეველს საკრებულოს დეპუტატი, გოჩა სეხნიაშვილი აძლევდა. დეპუტატს ჰქონდა სია, სადაც კონკრეტული სახელები და მათთვის გადასაცემი თანხის ოდენობა ეწერა.
როგორც სეხნიაშვილი განმარტავს, სია, რომელიც მას აქვს, წყლის ფულის მოსაკრებელია.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 დეპუტატს და 64 მერს, 4 წლის ვადით აირჩევენ.
საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცედურა დილის 8 საათზე დაიწყო და საღამოს 8 საათზე დასრულდება, რაც ხმების დათვლის პროცედურით გაგრძელდება.
თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შედეგებს არაუგვიანეს 9 ნოემბრისა თავად ცესკო შეაჯამებს.
იმ შემთხვევაში თუ მერობის კანდიდატები არჩევნების დღეს ხმათა 50%-ზე მეტს ვერ დააგროვებენ, ცესკო გამარჯვებული კანდიდატის გამოსავლენად მეორე ტურს დანიშნავს. მერის არჩევნების მეორე ტური ტარდება 16 ნოემბრამდე, პირველი ტურიდან არაუგვიანეს 25-ე დღისა.