შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა საკუთარი არჩევანი დიდუბის მერვე ოლქის 26-ე საარჩევნო უბანზე გააკეთა. მისი შეფასებით, არჩევნები მშვიდ რეჟიმში მიმდინარეობს და პოლიციის ჩართვა ამ დრომდე არსად გამხდარა საჭირო:
“პოლიცია არის აპოლიტიკური, ჩვენ ვინარჩუნებთ ნეიტრალიტეტის პრინციპს. დღეს ჩემი არჩევანის შესახებ საჯაროდ განცხადებებს არ გავაკეთებ. პატივს ვცემ ჩვენი მოქალაქეების არჩევანს. ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმუმი გაკეთებული იმისთვის, რომ ყველას ხმა იყოს დაცული, მაღალი ევროპული სტანდარტის შესაბამისად. ჩვენ ყველა უბანზე გვყავს განაწილებული პოლიციელები, იმ დისტანციაზე, რასაც კანონი უშვებს და მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ყველანაირი სამართალდარღვეა. ამ წუთამდე პოლიციის ჩარევა არსად საჭირო არ გამხადარა და იმედია ისე ჩაივლის ეს პროცესი” – აღნიშნა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 დეპუტატს და 64 მერს, 4 წლის ვადით აირჩევენ.
საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცედურა დილის 8 საათზე დაიწყო და საღამოს 8 საათზე დასრულდება, რაც ხმების დათვლის პროცედურით გაგრძელდება.