„დემოკრატიული მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კუკავამ საკუთარი პოზიცია ვაკის მე-2 ოლქის 24-ე უბანზე დააფიქსირა.
არჩევნის გაკეთების შემდეგ, კუკავამ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ, არჩევნებზე მოსვლისკენ მოუწოდა. “დემოკრატიული მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატი საარჩევნო უბანზე შვილთან ერთად მივიდა.
“მე და ელენემ ხმა დედაქალაქში ცვლილებას მივეცით, ცვლილებას მთლიანად ქვეყანაში და მივეცით იმას, რომ ეროვნული ძალები დაბრუნდნენ 25 წლის შემდგომ საქართველოს ხელისუფლებაში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო თბილისელებს, საქართველოს მოსახლეობას, რომ გადადეთ ყველა საქმე, მოდით დღეს საარჩევნო უბნებზე, რომ მომავალი ოთხი წლის მანძილზე სანანებელი არ გაგიხდეთ, რა ხალხი მართავს ამ ქვეყანას და ამ ქალაქს. გადადეთ ყველა საქმე, მოდით და ხმა მიეცით მას, ვისაც საჭიროდ მიგაჩნიათ. თქვენი აქტიურობა იქნება ბევრად უფრო ძლიერი ძალა, ვიდრე ხელისუფლების მიერ მოწყობილი უამრავი სხვადასხვა მანიპულაცია”, – განაცხადა კუკავამ.
დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 დეპუტატს და 64 მერს, 4 წლის ვადით აირჩევენ.
საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცედურა დილის 8 საათზე დაიწყო და საღამოს 8 საათზე დასრულდება, რაც ხმების დათვლის პროცედურით გაგრძელდება.