დილიდანვე პროცედურული დარღვევებით დაიწყო არჩევნები აჭარაში.
ბათუმის მე-7 საარჩევნო უბანთან,დაფიქსირდა რამდენიმე პროცედურული დარღვევა. ამ ეტაპზე ორი საჩივარი დაწერილია და ისინი საოლქო საარჩევნო კომისიაშია გაგზავნილი.
როდესაც ადგილზე პირველი ამომრჩეველი მივიდა და საკუთარი არჩევანი დააფიქსირა, გაირკვა, რომ საარჩევნო ყუთში, კომისიის თავმჯდომარეს საკონტროლო ფურცლის ჩაგდება დაავიწყდა, რის საფუძველზეც ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა საჩივარი დაწერა.
რაც შეეხება მეორე საჩივარს, ასევე 45-ე საარჩევნო უბანზე ერთ-ერთმა მოქალაქემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა და ამის შემდეგ გაირკვა, რომ მას მარკირების პროცედურა გავლილი არ ჰქონია. ამ საკითხთან დაკავშირებითაც არის საჩივარი დაწერილი.
ზოგადად არჩევნები აჭარაში, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. აჭარაში სულ გახსნილია 348 საარჩევნო უბანი.
დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 დეპუტატს და 64 მერს, 4 წლის ვადით აირჩევენ.
საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცედურა დილის 8 საათზე დაიწყო და საღამოს 8 საათზე დასრულდება, რაც ხმების დათვლის პროცედურით გაგრძელდება.