ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აჰმედ იმამკულიევი: ყიზილაჯლოში მომხდარი, წლების განმავლობაში კრიმინალის წახალისების შედეგია

“ევროპული საქართველოს” მარნეულის მერობის კანდიდატმა აჰმედ იმამკულიევმა, ტელეკომპანია “პირველის” ეთერში მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:

“ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს მომხდართან დაკავშირებით, მაგრამ მე მაწუხებს ის, რომ კრიმინალი საქართველოში დღითიდღე იზრდება. უკვე 17 საათი გავიდა, მაგრამ საზოგადოება ჯერჯერობით კიდევ გაურკვევლობაშია და ჩვენ ვერაფერს ვეტყვით ამ ფაქტთან დაკავშირებით. მაგრამ ჩვენ შევიძლია გითხრათ, რომ “ქართული ოცნების” მარნეულის მუნიციპალიტეტში არიან სამად გაყოფილები და ვერ გეტყვით ზუსტად, ეს ინციდენტი ამ შიდაპარტიულ გაყოფას უკავშირდება თუ სხვა პიროვნულ დაპირისპირებას. ზოგადად შეგვიძლია შევაფასოთ “ქართული ოცნება” როგორც ცუდი ხელისუფლება, რომელიც არ ებრძვის კრიმინალს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხალხი სხვა პარტიის წარმომადგენლები არიან, ისინი, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეები არიან. ჩვენ ყველას მშვიდი ცხოვრება გვჭირდება საქართველოში.” – განაცხადა იმამკულიევმა.

რაც შეხება იმას, თუ რამდენად რთული ლოკაცია შეიძლება იყოს ამ არჩევნებზეც, როგორც წინაზე, რომელსაც დიდი ხმაური და უბნის ბათილად ცნობაც მოჰყვა, ამასთან დაკავშირებით მარნეულის მერობის კანდიდატმა ისაუბრა:

“ამას გამოვრიცხავ, რადგან 2016 წლის არჩევნებზე ყველა მიხვდა, რომ დაპირისპირება უშიშროების ხელით იყო ხელოვნურად გამოწვეული. ეს ყველაფერი იყო დღევანდელი ხელისუფლების გაკეთებული საქმე. დღეს, რაც ხდება არანაირი კავშირი არ აქვს წარსულთან. როგორც დღეს, 2016 წელსაც ჩვენ ვიყავით წინ “ქართულ ოცნებასთან” შედარებით. ახლაც მეტი ამომრჩეველი გვყავს. მე მოვიგე 2016 წლის არჩევნები და ზუსტად იმის გამო, რომ არ წაეგო არჩევნები, “ქართულმა ოცნებამ” ხელოვნური დაპირისპირება გამოიწვია. რაც შეეხება გუშინდელ ფაქტს, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში – კრიმინალის წახალისება, სწორედ ამის შედეგია ეს.” – განაცხადა იმამკულიევმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამით, სოფელ ყიზილაჯლოში “ქართული ოცნების” ოფისთან პარტიის წევრებს ცეცხლსასროლი იარაღით თავს დაესხნენ,-ოფიციალური ინფორმაცია შსს-მ გაავრცელა. თავდასხმის შედეგად დაჭრილია პარტიის 5 წევრი. საქმე 117- ე მუხლით აღიძრა. ადგილზე შს მინისტრი იმყოფება. დაჭრილია საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი და ასევე, რამდენიმე ადამიანი, რომლებიც, “ქართული ოცნების” წევრები არიან.

იტვირთბა....