სოფელ ყიზილაჯლოს მცხოვრებლების ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ შტაბზე თავდასხმა, სავარაუდოდ, ერთმა პირმა მოახდინა. მათივე ინფორმაციით, თავდამსხმელი „კალაშნიკოვის“ ტიპის იარაღით იყო შეიარაღებული და სროლისას თითქმის ერთი აბოიმა დაცალა. ადგილობრივები ამბობენ, რომ თავდასხმელი შორი მანძილიდან ისროდა და მისი დანახვა ღამით, სიბნელეში, თავად დაჭრილებმაც ვერ შეძლეს. სოფლის მცხოვრებლები ვარაუდობენ, რომ თავდასხმელი მათ ჩასაფრებული ელოდებოდათ.
რაც შეეხება ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს, ის ამ დროისთვის დაკეტილია. ადგილზე აღარ იმყოფებიან სამართალდამცველები, თუმცა ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული შტაბის გვერდით მდგარი კარავი, სადაც თავდასხმის დროს შტაბის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. კარავს ეტყობა ნატყვიარი.
თავის მხრივ, მარნეულში, საავადმყოფოში რჩებიან წუხანდელი თავდასხმის შედეგად დაჭრილი 4 პირი. საავადმყოფოსთან იმყოფებიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. დაჭრილების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შეგახსენებთ, გუშინ ღამით, სოფელ ყიზილაჯლოში “ქართული ოცნების” ოფისთან პარტიის წევრებს ცეცხლსასროლი იარაღით თავს დაესხნენ,-ოფიციალური ინფორმაცია შსს-მ გაავრცელა. თავდასხმის შედგად დაჭრილია პარტიის 5 წევრი.საქმე 117- ე მუხლით აღიძრა. ადგილზე შს მინისტრი იმყოფება. დაჭრილია საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი და ასევე, რამდენიმე ადამიანი, რომლებიც, “ქართული ოცნების” წევრები არიან.